გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსებში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ ბინების მათთვის გადაცემის შემდეგ, საცხოვრებელ ფართებში მშენებლობისას დაშვებული ხარვეზები გამოვლინდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მათი თქმით, არ არსებობს გათბობის სისტემა, ხშირია წყალგაყვანილობის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევები, ფანჯრები არ იხურება ჰერმეტულად და ზოგადად, ბინების მოწყობისთვის უხარისხო მასალაა გამოყენებული.
“ბინებში ფანჯრები ნორმალურად არ იხურება და წვიმის დროს წყალი შემოდის ფანჯრებიდან. იყო შემთხვევები, როდესაც წყალგაყვანილობის სისტემამ ვერ იმუშავა და რამდენიმე სართული ჩარეცხა, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. სასმელი წყლის მიწოდების სისტემა გარეთ არის და ზამთრისთვის მისი შეფუთვაა საჭირო. ე.წ. “ჟოლოპებიც” ისეა დაყენებული, რომ წყალი პირდაპირ სადარბაზოსთან გროვდება. თითქოს არაფერი, მაგრამ ერთობლივად, უკვე დიდ პრობლემებს ქმნის”, – აცხადებს ერთ-ერთი იძულებით გადაადგილებული პირი.