გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
აღნიშნულ მუნიციპალიტეტების სოფლებში ჭაბურღილების მოწყობის სამუშაოები სრულდება, – სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს და მისი ღირებულება, დაახლოებით, 6 მილიონი ლარია.
“პროექტი გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების 17 სოფლის ჭაბურღილის, საქლორატოროების და სადაწნეო მილსადენის მოწყობას ითვალისწინებდა. პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია, მეორე ეტაპის სამუშაოების განხორციელება, რომელზეც მუნიციპალური განვითარების ფონდს უკვე გამოცხადებული აქვს სამშენებლო ტენდერი. მეორე ეტაპის სამუშაოები 2019 წლის თებერვალში დაიწყება და 2020 წლის აგვისტოში დასრულდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლები უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი წყალმომარაგებით”, – განმარტავენ ფონდში.