ხვალ ბათუმში სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე ქედასა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სოფლის განვითარების ახალ პროექტებს წარადგენენ.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლების, აჭარის მთავრობის, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.
ევროკავშირის მიერ აჭარაში მხარდაჭერილ პროექტებს „სოფლის განვითარების და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ და „ადგილობრივი პოტენციალის ოპტიმიზაცია სოფლის განვითარებისთვის ქედას მუნიციპალიტეტში“ ორგანიზაციები საქართველოს კარიტასი (Caritas Georgia) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) ახორციელებენ. პროექტების მიზანია აჭარის აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში სიღარიბის შემცირება, ინკლუზიური მიდგომებით, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების ზრდის ხელშეწყობით.
ღონისძიება ტარდება ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით.
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება.
წყარო: enpard.ge