შშმ პირებისთვის სივრცის მოწყობის ელემენტების გაუთვალისწინებლობაზე ჯარიმები იზრდება

1003

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

ცვლილებები ამ მიმართულებით “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ შედის, რომელიც ინიცირებისთვის პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. პროექტის თანახმად, ჯარიმის ოდენობა ქმედების ჩადენის ადგილისა და შენობის კლასის მიხედვით განისაზღვრება და დადგენილია შემდეგნაირად:

ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე: მეორე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 4 000 ლარით; მესამე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 15 000 ლარით; მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 20 000 ლარით; მეხუთე კლასის შენობა-ნაგებობისათვის – 30 000 ლარით. თვითმმართველ ქალაქში – 2 000 ლარით; მუნიციპალიტეტის დასახლებაში – ქალაქში – 1 000 ლარით. მუნიციპალიტეტის დასახლებაში – დაბაში ან სოფელში – 500 ლარით.

კანონპროექტის მიხედვით, დაჯარიმების შესახებ დადგენილების მიღებასთან ერთად, ზედამხედველობის ორგანო ადგენს წერილობით გაფრთხილებას და ავალებს პირს მშენებლობის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებთან შესაბამისობაში მოყვანას, რისთვისაც მას 30-დღიანი ვადა განესაზღვრება. აღნიშნულ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, პირს დაეკიასრება ჯარიმა პირველი ჯარიმის ორმაგი ოდენობით. აგრეთვე, კანონპროექტი განსაზღვრავს, რომ მეორე დაჯარიმების შემთხვევაში, კვლავ შედგება წერილობითი გაფრთხილება და დაევალება პირს დარღვევის გამოსწორება 30 დღის ვადაში, რომლის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაშიც, კვლავ მოხდება პირის დაჯარიმება პირველადი სანქციის გაორმაგებული ოდენობით.

აღნიშნული დანაწესი გამოიყენება მანამდე, სანამ მშენებლობა არ მოვა შესაბამისობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურულ და გეგმარებით ელემენტებთან.

პროექტის ავტორები და ინიციტორების არიან პარლამენტის წევრები: რატი იონათამიშვილი, დავით მათიკაშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, გოგა გულორდავა, ანრი ოხანაშვილი, სოფიო კილაძე და ვანო ზარდიაშვილი.