გორის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილების დაწყებიდან ერთი წლის თავზე გასულ პერიოდს აჯამებს და აცხადებს, რომ წელს ყველაფერი გეგმის მიხედვით შესრულდა, სადგურის დასახლებაში საბავშვო ბაღის პროექტის გარდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ამის მიზეზად კი გორის მერი საბავშვო ბაღებზე გათვალისწინებულ ახალ სტანდარტებს ასახელებს, რის გამოც, მისი თქმით, პროექტის გადაკეთება გახდა საჭირო.
“რაც წელს იყო გათვალისწინებული, ეს ყველაფერი ბოლომდეა შესრულებული. გვრჩება მხოლოდ ერთი პროექტი, საუბარია სადგურის საბავშვო ბაღზე. მანდ იყო რაღაც შეცდომები დაშვებული. იცით, რომ ჩემამდე იყო დაწყებული ეს და მე ამაში გვიან ჩავერთე. ამ შეცდომების გამო სამჯერ ჩავარდა ტენდერი, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ხელმეორედ გადავაკეთოთ ეს პროექტი, რომ თანამედროვე სტანდარტებს შევუსაბამოთ.
საბავშვო ბაღებზე ახალი სტანდარტებია ჩადებული და ამ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს ყველა საბავშვო ბაღი. სადგურის დასახლებაში, რადგან ადრე იყო სამუშაოები დაწყებული, მაშინ ეს სტანდარტები არ იყო ჩადებული. ახლიდან გადაკეთებული პროექტი სტანდარტებს უნდა შევუსაბამოთ და ახლიდან გამოცხადდეს ტენდერი, თანხაც დასახელდება, თუ რა თანხით უნდა მოხდეს ამ პროექტის შესრულება, და ვინც იმ ახალ ტენდერში გაიმარჯვებს, ის შემოვა და ააშენებს”, – აცხადებს გორის მერი.