რეგიონული განვითარების სამინისტრომ აბასთუმანი–ბაღდათის შემოსავლელი გზის პროექტის მომზადებაზე ტენდერი გამოაცხადა. სავარაუდო შესყიდვის ღირებულება ორი მილიონი ლარია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, შემოვლითი გზის მშენებლობის მიზანი ისაა, რომ კურორტზე ტრანსპორტმა არ იმოძრაოს და ეკოლოგიური გარემო მაქსიმალურად იყოს დაცული. მიმწოდებელმა სამინისტროს გზის პროექტის ისეთი ვერსია უნდა შესთავაზოს, რომ შესაძლებელი იყოს აბასთუმნის ობსერვატორიასთან მისი მიერთება. დამკვეთი ამისთვის საავტომობილო გვირაბის მშენებლობის ვერსიასაც განიხილავს.
ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო: “ტრანსპროექტი“, “ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“, შპს “საქგზამეცნიერება”. მათ შორის ორს –”ინსტიტუტი იგჰ, სააქციო საზოგადოება სამოქალაქო მშენებლობის კვლევებისა და განვითარების საკითხებში“, “საქგზამეცნიერება” – ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მიენიჭა. ამ ეტაპზე გამარჯვებულთან ხელშეკრულება დადებული არ არის.
აბასთუმანში შემოვლითი გზის მშენებლობის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აქ აგვისტოში ოჯახთან ერთად ორი კვირა გაატარა. ივანიშვილი ამბობს, რომ გაზაფხულიდან საკუთარი სახსრებით აბასთუმანში ელექტრომობილებს შეიყვანს.
ვიდრე ივანიშვილი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ბაღდათი–აბასთუმნის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი შეჩერდა. აღნიშნული პროექტით 60–კილომეტრიანი მონაკვეთი უნდა მოასფალტებულიყო და ამისთვის 60 მილიონი დოლარი იხარჯებოდა. სამუშაოები აქ 2020 წელს უნდა დასრულებულიყო.