საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, გუშინ საკრებულოში დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტი შევიდა, რომელიც 10 მილიონითაა გაზრდილი. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
“ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, 15 ნოემბერს მივიღეთ 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი დედაქალაქის მერიისგან. წარმოდგენილი პროექტით, დედაქალაქის ბიუჯეტი, დაახლოებით, 871 600 000 ლარს შეადგენს. 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი მიმდინარე წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 10 მილიონი ლარითაა გაზრდილი. ბიუჯეტის შემოსავლები 2019 წლისთვის დაგეგმილია 50 500 000 ლარის ოდენობით, მათ შორის ქონების გადასახადიდან შემოსავალი 185 000 000 ლარით, ანუ ქონების ნაწილში ზრდა გვაქვს 25 000 000 ლარით”, – განაცხადა ზარქუამ.
ზარქუას თქმით, 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს შემდეგი პრიორიტეტების დაფინანსებას: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და აღდგენა – 105 860 000 ლარი, ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობაზე ექსპლუატაციასა და ავარიული შენობების გამაგრებაზე გათვალისწინებულია 174 000 000 ლარი, ასევე ბიუჯეტი ითვალისწინებს შემდეგ პროექტებს – კახეთის გზატკეცილზე აეროპორტის კვანძიდან ლოჭინის ხიდამდე საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია – 27 000 000 ლარი, მდინარე გლდანულის ხიდის რეკონსტრუქცია – 4 000 000 ლარი და ა.შ.
მისივე ინფორმაციით, კვლავ პრიორიტეტულია ეკოლოგიური მდგომარეობა, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ყველა პრიორიტეტული პროგრამა შენარჩუნებულია.
ზარქუას განცხადებით, დედაქალაქს 10 ახალი ბაღი ექნება, რისთვისაც 36 000 000 ლარია გათვალისწინებული.
“პოლიტიკურ სპეკულაციებს რომ არ ჰქონდეს ადგილი, წინასწარ ჩაგაყენებთ საქმის კურსში, რომ ასევე იზრდება წარმომადგენლობითი და აღამსრულებელი ორგანოების ხარჯები, დაახლოებით 97 000 000 ლარზეა საუბარი, საიდანაც 13 000 000 ლარზე მეტი ჩადებულია სესხის მომსახურეობისთვის. ესაა სესხი, რომელიც ავიღეთ ავტობუსების შესაძენად საერთაშორისო ორგანიზაციიდან”, – განაცხადა ზარქუამ.