გორის მერი: დაწყნარდით, მე და ჩემი მოადგილე არსად მივდივართ

1012

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ დაგეგმილი პროექტების განხორციელებამდე ის და მისი მოადგილე არსად წასვლას არ აპირებენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

კონტანტინე თავზარაშვილისა და მისი მოადგილის, ეკატერინე სუხიშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ჯერ ზაფხულში, შემდეგ კი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გავრცელდა, რასაც გორის მერი ოპოზიციის მხრიდან გავრცელებულ ჭორს უწოდებს.

“ოპონენტებს ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ ეს ასე იყოს, რადგან არ სიამოვნებთ ის წარმატებული საქმეები, რასაც ვაკეთებთ ქალაქად და სოფლად. ამიტომ ისინი ყველანაირ ჭორებს ავრცელებენ. ჯერ თქვეს, რომ აგვისტოს თვის დასაწყისში მერი დაწერს განცხადებას წავა, ეკა სუხიშვილი დაწერს განცხადებას წავა. მაგრამ მინდა მათ ვუთხრა, რომ არ ჰყავთ კარგი წყაროები. ინფორმაციას კარგად ვერ აწვდიან. იმდენად ბევრი რამე გვაქვს ახლა გასაკეთებელი, რომ არსად არ ვაპირებთ წასვლას. რადგან, ვიდრე დაგეგმილ პროექტებს არ განვახორციელებთ და ვიდრე ოთხი წელი არ გავა, არსად არ ვაპირებთ წასვლას, არც მე და არც ჩემი მოადგილე, დაწყნარდნენ, და ამის გამო ტყუილად ნუ იშლიან ნერვებს”, – აცხადებს გორის მერი.