განათლების, მეცნიერების, კულტურის, სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, “დედა ენის“ სახელმძღვანელოს სკოლებში დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით, საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა, რომელშიც ყველა დაინტერესებული მხარეა ჩართული. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მინისტრის თქმით, მას შემდეგ, რაც მხარეებს შორის შეთანხმება მიიღწევა, სკოლებში “დედა ენის“ იმ სახელმძღვანელოს შეიტანენ, რომელიც განათლების სამინისტროს მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი.
“ზოგადად, “დედა ენის“ საკითხი ჩვენთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. ამ მიმართულებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ კიდევ რამდენიმე ჯგუფია ჩართული, არ არის ერთი ხედვა “დედა ენასთან“ დაკავშირებით. ჩვენი სამინისტროს მხრიდან მოხდა საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა და ყველა იმ მხარის ჩართვა, რომელიც დაინტერესებულია, რომ “დედა ენა“ სასკოლო პროცესში რაც შეიძლება აქტიურად იყოს ჩართული. ჩვენ ყველა ამ ჯგუფთან აქტიურად ვთანამშრომლობთ, ახლა ვფიქრობთ ფორმატზე, რომ რაღაც საბჭოც შეიძლება შევქმნათ, რომელშიც შეიძლება, კიდევ უფრო მეტი მხარე იყოს ჩართული. ვფიქრობ, როგორც კი ყველა ამ მხარეს შორის შეთანხმება შედგება, სკოლებში “დედა ენის“ იმ სახელმძღვანელოს შეტანა მოხდება, რომელიც სამინისტროს მხრიდან იქნება უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.