ალექსანდრე თვალჭრელიძე: ქვეყანას ისეთი ხელისუფლება ჰყავს, როგორსაც იმსახურებს, ამაში თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების გადაწყვეტილებებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა

1096

აკადემიკოსი ალექსანდრე თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ თვითმმართველი ქალაქების გაუქმების ინიციატივა საბჭოთა მენტალიტეტის გამოვლინებაა. “ინტერპრესნიუსისთვის” მიცემულ ინტერვიუში თვალჭრელიძე ამბობს, რომ ცენტრალური ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებასთან ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსების სიძვირე არაფერ შუაშია და მთავარი მიზეზი ცენტრზე დამოკიდებულების გაზრდის სურვილია.

გთავაზობთ ინტერვიუს ამონარიდს:

– თვითმმართველობის ორგანოების რეფორმის ფარგლებში ხელისუფლებამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომლითაც ქალაქის სტატუსი მოეხსნებათ ჩვენი ისტორიული მხარეების მთავარ ქალაქებს. საინტერესო ისაა, რომ ამ ქალაქების საკრებულოების ნაწილმა უკვე დაუჭირა მხარი ხელისუფლების ამ პროექტს. პროფესორი დავით იაკობიძე ხელისუფლების მიერ ამგვარი ნაბიჯების გადადგმას ”ისტორიული წარსულისადმი თამამ დამოკიდებულებად” მიიჩნევს. ხელისუფლება რაიონების ადმინისტრაციებისა და საკრებულოების გაერთიანებას მათი შენახვის სიძვირით ხსნის. თქვენ როგორ აფასებთ თვითმმართველობის ორგანოებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ შემუშავებულ კანონპროექტს?

– ძალიან არ მომწონს ეს კანონპროექტი. კანონის უზენაესობის პრინციპიდან და კანონის სინერგიულობიდან გამომდინარე, თუ ქვეყანაში ერთი თვითმმართველი ქალაქი არსებობს, მაშინ ყველა ქალაქი თვითმმართველი უნდა იყოს. კანონში არანაირი გამონაკლისი არ უნდა არსებობდეს. თუმცა, ქვეყანას ისეთი ხელისუფლება ჰყავს, როგორსაც იგი იმსახურებს. ამაში თვითმმართველი ქალაქების საკრებულოების გადაწყვეტილებებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა.

ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსების სიძვირე კი არაფერ შუაშია. ეს არასწორი საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის შედეგია. მერწმუნეთ, რეგიონული თვითდაფინანსების მოდელებზე მე პროფესიულად ვმუშაობ და ერთ დღეს შეგვიძლია ამ საკითხს მთელი ინტერვიუ დავუთმოთ.

– თუ ხელისუფლებას რეალურად უნდა რეგიონები და იგივე თვითმმართველობები რამდენადაც შესაძლებელია გამდიდრდნენ, მაშინ გაუგებარია, რატომ არ იღებენ შესაბამის კანონებს, რომლითაც თვითმმართველ ორგანოებს მათსავე ტერიტორიაზე არსებული ქონების განკარგვა შეეძლებათ? რა თვითმმართველობაა ასეთი, რომელიც ცენტრთან შეუთანხმებლად თავის ტერიტორიაზე ვერ წყვეტს ქალაქისათვის მნიშვნელოვან ვერც ერთ საკითხს? თქვენი აზრით, რას შეიძლება უკავშირდებოდეს თვითმმართველობების არა დეცენტრალიზაციის, არამედ ცენტრალიზაციისაკენ გადადგმული ნაბიჯები თუ ამ მიმართულებით საერთოდაც უმოქმედობა?

– მახსენდება საბჭოთა პერიოდის დისიდენტური ანეკდოტი: „კითხვა: მაქვს უფლება? პასუხი: რასაკვირველია, გაქვთ. კითხვა: მაშ, შემიძლია? პასუხი: არა, არ შეგიძლიათ“. თქვენ რაც ახსენეთ, საბჭოთა მენტალიტეტის აშკარა გამოვლინებაა – თვალები ცენტრისკენ უნდა იყოს მიმართული. თანაც, ეს მენტალიტეტი როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ადმინისტრაციებისთვისაა დამახასიათებელი.  ნებისმიერ წარმომადგენლობით ორგანოში არჩეულ პიროვნებას უნდა ჰქონდეს უნარი და გამბედაობა, პასუხისმგებლობა თავის თავზე წარბშეუხრელად აიღოს. აკი გითხარით, რომ ზუსტად ისეთი ხელისუფლება გვყავს, რომელსაც ვიმსახურებთ.

წყარო: ინტერპრესნიუსი