აუტიზმის პროგრამაში, 641-ის ნაცვლად, 700 ბავშვი ჩაერთვება

668

მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამაში ცვლილებებს გეგმავს.

სამსახურის ხელმძღვანელის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული 20 საათი კვლავ შენარჩუნდება, თუმცა შემცირდება მომსახურების ღირებულება 21-დან 20 ლარამდე.

გელა ჩივიაშვილის მტკიცებით, სარეაბილიტაციო პროგრამის ხარისხი არ შეიცვლება.

“ბავშვების ხარჯზე მერია არაფერს გააკეთებს. კონსულტაციების შემდეგ მერიამ მიიღო გადაწყვეტილება და პროექტი შეიცვალა. ბავშვებს სარეაბილიტაციო საათები არ დააკლდებათ. მოხდება ფასის კორექტირება, ანუ 21 ლარის ნაცვლად 20 ლარი გახდება თითო საათის ღირებულება. რამაც საშუალება მისცა მერიას, რომ გაიზარდოს ბენეფიციართა რაოდენობა. ჩვენ 641-ის ნაცვლად 700-მდე ბავშვის ჩართვას შევძლებთ პროგრამაში”, – განაცხადა ჩივიაშვილმა.

განახლებულ პროექტში ცვლილებებია რეგისტრაციის კუთხითაც.

“თბილისში რეგისტრაციის შეზღუდვა რეგიონებიდან გადმოწერილ ბავშვებზე 2 წლის მაგივრად იქნება 1 წელი, ანუ მინიმუმ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უნდა იყვნენ თბილისში დარეგისტრირებულები”,- განაცხადა ჩივიაშვილმა.

საკრებულოს მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის განკარგულება დღეს გაეგზავნა. საკრებულო დოკუმენტს უახლოეს სხდომაზე განიხილავს.

თბილისის მერიასთან აუტიზმის სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვების მშობლებმა 18 მაისს აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები თბილისის მერიის იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც, მათ შვილებს თერაპიისთვის განკუთვნილი დაფინანსება შეუმცირდებოდათ.

წყარო: იმედინიუსი