ოზურგეთის მერიაში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების საკითხებზე სპეციალური საბჭო იმუშავებს

729

დღეს ქალაქის მერიასთან არსებული, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა საკითხების შემსწავლელი საბჭოს პირველი შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ყველა ის საქმიანობა შეაჯამეს, რომელიც ქალაქ ოზურგეთის მერიამ ადაპტირებული გარემოს შექმნის მიმართულებით გასწია.

ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ, რომელიც, ამასთანავე, აღნიშნული საბჭოს თავმჯდომარეა, აღნიშნა, რომ აუცილებელია საბჭოს საქმიანობა ეფექტური და შედეგზე გათვლილი იყოს. ქალაქის მერმა პრობლემების გადაჭრის გზებზე დეტალურად ისაუბრა და განაცხადა, რომ საბჭოს საქმიანობაში თავად განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც მერიაში აცხადებენ, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დახმარებისა და ადაპტირებული გარემოს შექმნის მიმართულებებით აქტიურად მუშაობს. ქალაქის მერიის ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში გათვალისწინებულია პანდუსების მოწყობა, რამაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს წინა წლებისაგან განსხვავებით, გადაადგილების პრობლემა საკმაოდ შეუმსუბუქა. ქალაქის ქუჩებში განთავსდა სპეციალური საგზაო ნიშნები. გარდა ამისა, ქალაქის მერიაში მოქმედებს სპეციალური სოციალური პროგრამა, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები ფინანსურ დახმარებას იღებენ“, – აღნიშულია ოზურგეთის მერიის ინფორმაციაში.