საქართველოს მთავრობამ OGP-ის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

1271

როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამოქმედო გეგმა „ღია მმართველობა – საქართველოს“ ფორუმის ფარგლებში მომზადდა.

“საჯარო რესურსების უკეთ მართვა, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება, ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის განმტკიცება, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების უკეთ გამოყენება ღია მმართველობისთვის – ეს ის საკითხებია, რომელთაც 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავს. მასში 21 უწყების 23 ვალდებულებაა გაწერილი, რომლებიც “OGP-ის” ხუთივე გამოწვევას პასუხობს – საჯარო მომსახურების გაუმჯობესება, საჯარო სექტორში კეთილსინდისიერების ამაღლება, საჯარო რესურსების უკეთესი მართვა, უსაფრთხო გარემოს შექმნა და კორპორატიული პასუხისმგებლობის გაუმჯობესება.

სამინისტროს ცნობით, ღია მმართველობა საქართველოს 2016-2017 წლების გეგმის ერთ-ერთი ნოვაცია მუნიციპალიტეტების ჩართულობა იყო. პირველად ღია მმართველობა საქართველოს სამოქმედო გეგმამ ცალკე, დამოუკიდებელ კომპონენტად მოიაზრა 5 მუნიციპალიტეტის ვალდებულებები. 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა უკვე 11 მუნიციპალიტეტის ვალდებულებას ითვალისწინებს. მათ შორის: გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცება მუნიციპალიტეტებში; ღია მონაცემების შეგროვებისა და გამოქვეყნების პროცესის გაუმჯობესება ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში; ახალციხისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვანი ჩართულობისა და მონაწილეობის გაუმჯობესება; ქალაქ ბათუმში საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის გაუმჯობესება მონაწილეობითი ბიუჯეტირების ინსტიტუციური მექანიზმის დანერგვის გზით; “შენი იდეა ზუგდიდის მერს“; ქალაქ ბათუმისა და რუსთავის მუნიციპალიტეტში ელექტრონული სერვისების დანერგვა და განვითარება; „I.Gov.ზუგდიდი“; სერვისების შეფასებისა და მოქალაქეთა კმაყოფილების დონის გაზომვის სისტემის დანერგვა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში”, 

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ საჯარო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციების: ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა − საქართველო, ფონდი ღია საზოგადოება − საქართველო, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი სხვა, საერთაშორისო მისიების წარმომადგენლები (USAID; გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP), ევროკავშირი და სხვა.

სამინისტროს ინფორმაციით, მათი რეკომენდაციების ნაწილი სამოქმედო გეგმაში აისახა. ამასთან, როგორც სამინისტროში აცხადებენ, ყველაზე აქტუალური პრობლემების გამოსავლენად და სამოქმედო გეგმაზე მუშაობაში ფართო საზოგადოების ჩართვის მიზნით იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს 13 ქალაქში საჯარო კონსულტაციები გამართა, რომელშიც, ჯამში, 500-ზე მეტი მოქალაქე − მუნიციპალიტეტების, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული პირები მონაწილეობდნენ“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ “ღია მმართველობის პარტნიორობის“ მეხუთე გლობალურ სამიტს თბილისმა 17 -19 ივლისს უმასპინძლა. სამიტს 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი ესწრებოდა.

2017 წლიდან საქართველო “ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარე ქვეყანაა. სწორედ თავმჯდომარეობის ფარგლებში მასპინძლობდა ქვეყანა ამ მასშტაბურ ღონისძიებას. თავმჯდომარეობას მომავალ წელს კანადა გადაიბარებს.