OGP-ის ხელმძღვანელი საქართველოს შემდეგ კანადა გახდება, მომდევნო თავმჯდომარე ქვეყანას კი, დღეს მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე აირჩევენ. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
„ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) გლობალურ სამიტს ოფიციალურად ხვალ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ მსოფლიო სამიტის წინ, OGP-ის მმართველ კომიტეტთან შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ეროვნული არქივის შენობაში მიმდინარეობს.
მისი თქმით, სამიტზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება.
„სამიტი სტუმრების უმრავლესობა უკვე საქართველოშია. დღეს, სანამ სამიტი ხვალ პრემიერ-მინისტრის მიერ გაიხსნება, ამ ორგანიზაციის მმართველი კომიტეტის მორიგ სხდომას ვხელმძღვანელობთ, სადაც საქართველოს ხელმძღვანელობით, მრავალ საკითხთან ერთად, ამ ორგანიზაციის სამომავლო არაერთი მნიშვნელოვანი თემა უნდა განვიხილოთ, მათ შორის ისიც, ვინ იქნება ორი წლის თავზე ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი. არჩევნები სწორედ აქ, ეროვნული არქივის შენობაში ჩატარდება, რადგან მომდევნო ხელმძღვანელი უკვე ვიცით“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ოქტომბერში საქართველო კანადას გადააბარებს.
„გამჭვირვალობა, რეფორმები – კომიტეტის წევრი ყველა ქვეყანა ისაუბრებს, თუ რა კეთდება მის ქვეყანაში, ეს იქნება ნიგერია, მექსიკა, არგენტინა, კანადა თუ საქართველო“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) რიგით მეხუთე სამიტს მასპინძლობს. ღონისძიებაში 70-მდე ქვეყნის სამოქალაქო სექტორის 500-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. პირველი პანელი და დისკუსია არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით დღეს მიმდინარეობს.
ღია მმართველობის პარტნიორობა მრავალმხრივი ინიციატივაა, რომლის წევრი ქვეყნები ახორციელებენ რეფორმებს ღია, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის ჩამოსაყალიბებლად. ღია მმართველობის პარტნიორობის პროგრამა მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ ქვეყნისმართვის პროცესში და მათთვის სასიკეთო ცვლილებები მოითხოვონ.
საქართველო 2017 წლიდან “ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარე ქვეყანაა.
სამიტთან დაკავშირებით საქართველოში მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე სოფია ჩამოვა, სადაც ის სიტყვით გამოვა.