საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის პლენარული სესიის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა. მისი განცხადებით, თანამედროვე მმართველობა მრავალფეროვნებასა და თანამონაწილეობის პრინციპზე დგას, რომლის ცენტრში ყოველთვისაა მთავარი – მოქალაქე. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
ბახტაძემ დამსწრე სტუმრებს და 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელს ფორუმში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
“დღეს ჩვენს გვერდით არიან 70-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, აკადემიური წრეები, დიპლომატიური კორპუსი და მედია. ძვირფასო სტუმრებო, საქართველოს მთავრობის სახელით მადლობას გიხდით ყველას, რომ მონაწილეობთ ღია მმართველობის პარტნიორობის მთავარ ღონისძიებაში. ღია მმართველობის პარტნიორობის მთავარ მიზანს ხელისუფლების ღიაობისა და მიუკერძოებლობის განმტკიცება, საზოგადოების ნდობის ამაღლება და მმართველობაში ტექნოლოგიების და ინოვაციების დანერგვა წარმოადგენს. მრავალფეროვნებასა და თანამონაწილეობის პრინციპზე დგას თანამედროვე მმართველობა, რომლის ცენტრში ყოველთვის არის მთავარი – მოქალაქე. წელს საქართველო აღნიშნავს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ღია მმართველობის პარტნიორობის ღირებულებებს ჯერ კიდევ მაშინდელი საქართველოს კონსტიტუცია ეხმიანებოდა, მეტიც, საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის პრინციპი იყო აღიარებული. ჩვენი მთავრობის მიზანია გაამყაროს ეს მონაპოვარი და ხალხისთვის და ხალხთან ერთად მმართველობა უზრუნველყოს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
თბილისში ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალური სამიტი იმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი რანგის 2 500-ზე მეტი დელეგატი ესწრება.ღონისძიება 19 ივლისამდე გაგრძელდება.
საქართველო 2017 წლიდან “ღია მმართველობის პარტნიორობის” თავმჯდომარე ქვეყანაა.
სამიტთან დაკავშირებით საქართველოში მსოფლიოს პირველი რობოტი მოქალაქე სოფია ჩამოვიდა, სადაც ის სიტყვით გამოვა.