კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ დღესვე გასცემს დავალებას, რათა ჩოგბურთის კორტების ტერიტორიაზე დროულად დაიწყოს სპორტული და რეკრეაციული სივრცის აღსადგენად საჭირო საპროექტო სამუშაოები და მომავალი წლის ბიუჯეტით მისი რეაბილიტაცია განხორციელდეს.
თბილისის მერის თქმით, იპოდრომის მიმდებარედ ჩოგბურთის კორტების ტერიტორია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ურბანული პოლიტიკის მსხვერპლია, რადგან ეს მიწის ნაკვეთი უცხოელ ინვესტორზე გაიყიდა.
“მინდა, “ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დანაშაულებრივი ურბანული პოლიტიკის ერთ-ერთ მორიგ მსხვერპლზე გიამბოთ. ეს არის მიწის ნაკვეთი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, კონკრეტულად, საბურთალოსა და ბახტრიონის ქუჩებს შორის ე.წ. ჩოგბურთის კორტების ტერიტორია.
ეს საკითხი ძალიან მტკივნეულია ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ძალიან ბევრი წერილი შემოვიდა ამასთან დაკავშირებით და მგონია, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ზოგადად, ეს ადგილი ყოველთვის იყო სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი, სადაც ძალიან ბევრი თბილისელი დადიოდა.
სამწუხაროდ, 2009 წელს ეს მიწის ნაკვეთი უცხოურ დეველოპერულ კომპანიაზე გაიყიდა, რომელმაც აღნიშნული მიწა განაშენიანების მიზნით შეიძინა. ჩვენ რა თქმა უნდა, განვითარების და მშენებლობის წინააღმდეგები არ ვართ, თუმცა არის ისეთი ადგილები, რომლებიც ჩვენი ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს არის სპორტული მოედნები, სპორტული ინფრასტრუქტურა, სკვერები, პარკები, სადაც პირადად, ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის იქ რაიმე სახის მშენებლობის განხორციელება კატეგორიულად მიუღებელია.
ამ კონკრეტულ თემაზე სიახლე არის ის, რომ ეს მიწა, რომელსაც რთულია, დღეს კორტები უწოდო, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, დაუბრუნდება მუნიციპალიტეტს და აქვე მინდა დაგავალოთ, რომ მომავალი წლისთვის დამუშავდეს პროექტი და პატარა სპორტული კომპლექსი გავაკეთოთ და მგონია, რომ ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის რეკრეაციულ ზონებში ბევრი მიწის ნაკვეთია გაყიდული, რის გამოსწორებასაც თბილისის მერია ცდილობს, თუმცა მისი თქმით, ეს პროცესი ძალიან რთულია.
“ძალიან ბევრი დანაშაულია ურბანული კუთხით წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი. შეუძლებელია მათი ჩამოთვლა და არც მაქვს სურვილი, ყოველ მთავრობის სხდომაზე ეს მოვახვიო თავს მოსახლეობას, მაგრამ სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ ქალაქის სათავეში, გავაკეთოთ მაქსიმუმი და სადაც თეორიული შანსი მაინც არის გადარჩენის, შენარჩუნების თუ აღდგენის – ჩვენ ეს მოვახერხოთ.
ამის ნათელი მაგალითია კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე რესტორან “ოტიუმის“ წინ, წინა ხელისუფლების დროს ნაკვეთის გასხვისება, რომელიც რეკრეაციულ ზონაში, სიმწვანეში მშენებლობას ითვალისწინებდა. თუმცა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და ეს მშენებლობა გავაჩერეთ და ეს კონკრეტული ადგილი მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა.
ჩვენ რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაზარალოთ ადამიანები, ვისაც ფული აქვს გადახდილი ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთებში და აქაც ჩემი თხოვნა იქნება, წინა ხელისუფლებას არ დავემსგავსოთ და ადგილმონაცვლეობა იქნება თუ გამოსყიდვა, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, რომ ყველაფერი იყოს გამართული და მოწესრიგებული, რომ უკმაყოფილო არავინ არ დარჩეს. სამწუხაროდ, ქალაქში ასეთი ადგილები ბევრია და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ სიტუაცია გამოვასწოროთ, თუმცა ძალიან რთულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.