ცქიტიშვილი: ევროსაბჭო გააგრძელებს ჩვენი რეფორმებისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს მხარდაჭერას

931

საქართველოს ვიცეპრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა, ქალაქ სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან ანდერს კნაპესთან და გენერალურ მდივანთან ანდრეას კიფერთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის მიერ საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობის შესახებ უაღრესად დადებითი ანგარიშის და კონგრესის რეკომენდაციების შესახებ ისაუბრეს. მაია ცქიტიშვილმა მადლობა გადაუხადა კონგრესს გაწეული შრომისთვის, წლების განმავლობაში საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებისთვის და იმ სამართლიანი და დადებითი შფასებისთვის, რომელიც კონგრესის მონიტორინგის ჯგუფმა გააკეთა 2018 წლის აპრილში ვიზიტის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშში.

“ზოგადად, ძალიან პოზიტიური დამოკიდებულებაა საქართველოს მიმართ, ძალიან მაღალი ინტერესია ჩვენი რეფორმების მიმართ. ჩვენ დღესაც გვქონდა საუბარი კონგრესის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან და გენერალურ მდივანთან იმ პრობლემებზე, რომლებიც ოკუპირებულ და გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზეც არის. ჩვენ მუდმივათ ვიღებთ პოლიტიკურ მხარდაჭერას ამ საკითხებში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონგრესის პრეზიდენტმა, რომელიც გუშინ აირჩიეს, დაგვიდასტურა, რომ ევროსაბჭო გააგრძელებს ჩვენი რეფორმების და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს მხარდაჭერას,“- აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოს ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი 7 ნოემბერს, ქალაქ სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის 35-ე სესიაში მონაწილეობდა.