ვარკეთილსა და ვაგზლის მოედანზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობით ისევ არავინ დაინტერესდა

958

წინა სტატია

ვარკეთილსა და ვაგზლის მოედანზე მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობით ისევ არავინ დაინტერესდა. თბილისის მერიის მიერ კიდევ ერთხელ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს. ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ გამოცემა “BM.GE-ს” განუცხადა.

მისი თქმით, ამ ადგილებზე, ასევე გეგეშიძის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობს კომპანიების ინტერესი, თუმცა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კერძო სექტორთან, რათა მერიამ პროექტი უკეთესი პირობებით შესთავაზოს კომპანიებს.

რაც შეეხება ფილარმონიის ტერიტორიაზე მრავალდონიანი მიწისქვეშა პარკინგის მოწყობას, ხმალაძის ინფორმაციით, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობა ერთმა კომპანიამ მიიღო.

“ფილარმონიასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა დასრულდა, ერთმა კომპანიამ გააკეთა შეთავაზება და მასთან ხელშეკრულება ამ დღეებში გაფორმდება, რადგან მოლაპარაკება დასრულდა და შეთანხმებას მივაღწიეთ.

2 სხვა დანარჩენ ადგილზე, რომელიც იყო ვაგზლის მოედანი, ვარკეთილი, ინტერესთა გამოხატვაში წინადადებები არ შემოსულა, შესაბამისად, ახლა კომპანიებთან გვაქვს მოლაპარაკებები, როგორ შეიძლება პირობების გაუმჯობესება. ჩვენ მაშინვე ვთქვით, რომ ეს არის ძალიან რთული პროექტები. ასევე არის გეგეშიძის ლოკაცია, რომელზეც არის ინტერესი. ამ პერიოდში მოლაპარაკებები გვაქვს კომპანიებთან, რომ განახლებული პირობებით მოხდეს შეთავაზება“,- აცხადებს ხმალაძე.

შეგახსენებთ, რომ ზაფხულში მიწისქვეშა პარკირებასთან დაკავშირებით გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში არავინ მიიღო მონაწილეობა. მერიამ მაშინ განაცხადა, რომ ახალ ინტერესთა გამოხატვას განსხვავებული პირობებით გამოაცხადებდა, რათა პროექტი უფრო მიმზიდველი ყოფილიყო კერძო სექტორისთვის.