“როგორც უმრავლესობის ლიდერი, მინდა, გამოვეხმაურო და იმას, რაც ხდებოდა ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებზე, პირდაპირ ვუწოდო ფსიქოლოგიური ზეწოლა. ასევე, მინდა ღიად დავუჭირო მხარი ჩვენს თანაგუნდელებს, რომელთა მიმართ არნახული ზეწოლა და ანტიკამპანია მიმდინარეობდა ამ დღეებში, ეს იყო ჭიქაში გამოწვეული ქარიშხალი. აი, ეს არის ჩემი პასუხი იმ გვირგვინების, ყვავილების, “ვენოკებისა“ და შეძახილების“, _ აღნიშნული განცხადება თვითმმართველი ერთეულების გაუქმებასთან დაკავშირებით ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ, ოზურგეთში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში კონსტიტუციის პროექტის განხილვის დროს გააკეთა.
საკითხი, რომელიც კონსტიტუციის პროექტის განხილვის დროს აქტუალურ თემად იქცა და რამაც დისკუსია და ხმაური გამოიწვია, თვითმმართველი ერთეულების გაუქმების საკითხი იყო. სანამ არასამათვრობო სექტორი პარლამენტარებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაუსვამდა კითხვებს, უმრავლესობის ლიდერმა მოვლენებს დაასწრო განაცხადა:
“მე მედიის საშუალებით ვადევნებდი თვალს, თუ რა ხდებოდა საკრებულოების სხდომებზე, სადაც საკრებულოები სრულიად ლეგიტიმურ ფორმატში მსჯელობდნენ თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით მიეღოთ გადაწყვეტილება. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, რომ ეს ანტიკამპანია განვითარდეს. ყველა ადამიანს ყველა მოქალაქეს ავუხსნით, რომ თვითმმართველობა რჩება ადგილზე და უფრო ძლიერდება. ეს იყო პირდაპირ ფსიქოლოგიური ზეწოლა, პირდაპირი მცდელობა იმისა, რომ პროცესის ბლოკირება მოეხდინათ, რაც მიუღებელია ჩემთვის. ეს არის წარსულის პოლიტიკა და მიმაჩნია, რომ ეს არის უგემოვნობის სრული მწვერვალი, რადგან ადამიანებმა, რომლებმაც გადაწყვეტილებები მიიღეს, გამოაცხადეს მოღალატეებად. აი, იმ ხალხის გასაგონად მინდა განვაცხადო, რომ არსად თვითმმართველობა არ უქმდება, არცერთი არჩეული მერი არ უქმდება, არცერთ ქალაქს არ ერთმევა ქალაქის სტატუსი, ეს არის აგორებული კამპანია პოლიტიკური ქულების შესაგროვებლად და დისკრედიტაციისთვის ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ. სწორედ ისინი ახდენდნენ ამ დღეებში ადგილობრივი ხელისუფლების დისკრედიტაციას და ეს ადამიანები, სცადეს, წარმოეჩინათ, როგორც ქალაქის სტატუსის გამაუქმებლები. ეს არის სიცრუე _ თვითმმართველობა რჩება, ყველა ქალაქს კი ეყოლება არჩევითი მერი, ყველგან იგივე დაფინანსება რჩება, რაც მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება და მეტიც, კონსტიტუციაში ჩნდება ჩანაწერი თვითმმართველობის გარანტიებისა. შესაბამისად, ჩვენს ყველა თანაგუნდელს მინდა მოგიწოდოთ, რომ სწორად მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოებას, თუ რა კეთდება თვითმმართველობის ამ რეფორმით“, _ განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პროექტის განხილვის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კითხვებით მიმართეს.
ოთარ რევიშვილი, არასამთვრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი: “პირველ რიგში, მინდა, პარლამენტის წევრებს მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ ჩვენ, არასამთავრობოებმა გავმართეთ შეხვედრები მოქალაქეებთან, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მკვეთრად უარყოფითი პოზიციით არის განწყობილი ამ რეფორმის მიმართ. ზოგადად კი იმას, რასაც თქვენ საკრებულოს დეპუტატებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას უწოდებთ, გამოხატვის თავისუფლება ჰქვია და ჩვენ, როგორც მოქალაქეებმა, დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ წინააღმდეგები ვართ ქალაქ ოზურგეთს გაუუქმდეს თვითმმართველის სტატუსი“.
რევიშვილის თქმით, მთავრობა აღნიშნულ პროცესებს კანონდარღვევით ახორციელებს:
“იცით თუ არა, რომ მთავრობა მთელ ამ პროცესს კანონდარღვევით ახორცილებს? როცა ასეთი პროცესები იწყება, მთავრობამ კონსულტაციები უნად გაიაროს საკრებულოებთან და ასევე, მოქალაქეებთან. არცერთი შეხვედრა არც ქალაქ ოზურგეთში და არც თემთა საკრებულოებში, არც მოქალაქეებთან არ ყოფილა. მოგიწოდებთ როგორც პარლამენტარს, ნუ შეზღუდავთ ჩვენს უფლებას და ნუ წაგვართმევთ თვითმმართველობას!“
თამაზ ტრაპაიძე, საია: “თითოეულ ოზურგეთელს აწუხებს ოზურგეთის თვითმმართველი ერთეულის გაუქმება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებლად თვითმმართველი ერთეული ცალკე უნდა იყოს, ქალაქის მოსახლეობამ თავად უნდა აირჩიოს საკუთარი მმართველობითი ორგანო. მეტსაც გეტყვით, სასურველია, თუ კი თემთა მუნიციპალიტეტი კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტად იქნება დაყოფილი, ამით უფრო მეტი პასუხისმგებლობა ექნებოდა ადგილობრივ თვითმმართველობასაც და უფრო მეტ სიკეთეს მოუტანდა იგი მოსახლეობას.
მინდა გადმოგცეთ ხელმოწერები, რომელიც საკმაოდ ადრე იქნა შეგროვებული და სადაც დაფიქსირებულია, რომ საზოგადოება წინააღმდეგია გაუქმდეს თვითმმართველი ერთეულები, აქ არის 200 ხელმოწერა“, _ განაცხადა ტრაპაიძემ, რაზეც მას ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ გასცა პასუხი:
“ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რაც ხდება. ვისაუბროთ ობიექტურად, რატომ ვიყენებთ სიტყვას _ ქალაქის გაუქმებას, მაშინ, როცა ხდება გაერთიანება. რაც ჩემთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, ის დაზოგილი თანხებია, რასაც ამ ორი მუნიციპალიტეტის გაერთიანება მოგვცემს, მოხმარდება ისევ ჩვენს ხალხს. შეგიძლიათ შეამოწმოთ ქალაქის მერი როდის გამოდის დილას სახლიდან და როდის ბრუნდება ღამით სახლში. ნუ შემეცილებით ამ ქალაქის სიყვარულში. ერთი რამ იცოდეთ, პეტიციას, რომელიც წარმოადგინა ჩვენმა მოქალაქეებმა, 180 ხელწერა ჰქონდა, ახლა ბრძანა ბატონმა თამაზმა, რომ ეს ხელმოწერები არის 200 მოქალაქის. არც 180 და არც 200 ხელმოწერა არ წყვეტს ოზურგეთის ბედს და თუ ამაში ეჭვი გეპარებათ, აგერ სამ თვეში იყარეთ კენჭი ადგილობრივ არჩევნებში და მერე დაითვალეთ თქვენი ხმები, _ განაცხადა სიორიძემ.
წყარო: გურიანიუსი