მერია: ქუთაისის მოსახლეობას წყალარინების ახალი სისტემა მოემსახურება

815

EIB–ის მისიამ ქუთაისში დაგეგმილი წყალარინების ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის პროექტირების საკითხი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მენეჯმენტთან, მხარისა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად განიხილა. სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) დააფინანსებს.

მერიის ცნობით, მხარეებმა პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის შექმნის საკითხზე იმსჯელეს. მათივე ცნობით, ჯგუფი უზრუნველყოფს ადგილობრივების ინფორმირებას, პროექტის საბოლოო დიზაინის შესაბამისობას ბენეფიციარების მოთხოვნებთან და ქალაქის ინფრასტრუქტურულ განვითარებასთან.

როგორც მერიაში აცხადებენ, ამ დროისთვის, კანალიზაციის ქსელისა და გამწმენდი ნაგებობის მოწყობის საპროექტო და საზედამხედველო მომსახურებაზე საერთაშორისო ტენდერი დასრულებულია. ამჟამად კი, პრეტენდენტი კომპანიების შერჩევა და გამარჯვებულის გამოვლენა მიმდინარეობს.

“სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი 2019 წლის ბოლოს გამოცხადდება, ხოლო გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს 2020 წელს დაიწყებს.

პროექტის დასრულების შემდეგ ქუთაისის მოსახლეობას წყალარინების ახალი სისტემა მოემსახურება. კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდება რეგიონში გარემოს დაბინძურების რისკები”, – აცხადებენ მერიაში.