გორის დასუფთავების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა მუშაობა ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოში დაიწყო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გივი კობახიძე ახალ სამსახურში მნედ მუშაობს და ინფრასტრუქტურულ საკითხებს კურირებს.
მან ახალი სამსახური დასუფთავების სააგენტოს ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების შემდეგ, მალევე დაიწყო. როგორც მისმა ახალმა ხელმძღვანელმა, გიორგი ქვათაძემ განგვიმარტა, სააგენტოში კობახიძის მსგავსი კვალიფიკაციისა და უნარების მქონე ადამიანი სჭირდებოდათ და ამიტომ გადაწყვიტა მასთან საქმიანი ურთიერთობის დაწყება.
“ჩვენ ვეღარ ავუდიოდით ამ სფეროში არსებული საქმეების სიჭარბეს. დავინახეთ ახალი კადრის საჭიროება. ამიტომ როგორც ამ სფეროში გამოცდილ კადრს, გივი კობახიძეს მე შევთავაზე თანამშრომლობა. წლის ბოლომდე ის ჩვენთან მნედ იმუშავებს და ინფრასტრუქტურული საკითხების მოგვარებაში დაგვეხმარება”, – ამბობს გიორგი ქვათაძე.
მისივე ცნობით, კობახიძესთან ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს სამ-თვიანი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული.
შეგახსენებთ, რომ გივი კობახიძე გორის მერმა 28 სექტებერს გაათავისუფლა კეთილმოწყობის სააგენტოდან და დაპირდა, რომ უახლოეს მომავალში სხვა სამსახურში დაასაქმებდა. კობახიძის თანამდებობა კი აღნიშნულ სამსახურში ახლადდანიშნული გუბერნატორის კურსელმა ბაჩანა გვიანიშვილმა დაიკავა.