არჩილ თალაკვაძე: თვითმმართველობის გარანტიები ახალ კონსტიტუციაში უფრო ძლიერდება

696

თვითმმართველობის გარანტიები ახალ კონსტიტუციაში უფრო ძლიერდება,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, თვითმმართველობის რეფორმის შესახებ საზოგადოების ინფორმირება ხელისუფლების მრიდან ინტენსიურად მოხდება. თალაკვაძის განცხადებით, თვითმმართველობის გაუქმების შესახებ ოპონენტები ცრუ ინფორმაციებს ავრცელებენ.

“ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია შედგა და რაც ამ ცვლილებების გარშემო არსებობს, ყველა საკითხი განვიხილეთ. თვითმმართველობასთან დაკავშირებით ცალსახად მინდა განვაცხადო, რომ თვითმმართველობის გარანტიები ახალ კონსტიტუციაში კიდევ უფრო ძლიერდება. ის მიმდინარე პროცესები, რასაც მთავრობა ახორციელებს, არის მმართველობის რეფორმის ნაწილი, რომელიც წინასწარ იყო ჩვენს პოლიტიკურ პროგრამაში განსაზღვრული. რეალურად თვითმმართველობის გაძლიერება ხდება და არსებული დაფინანსება უნარჩუნდება. ადმინისტრაციული სისტემის კონსოლიდაცია ხდება თვითონ თვითმმართველობის ფარგლებში. არჩეული მერი რჩება ყველგან, თვითმმართველობა და ქალაქი რჩება ყველგან. ის სპეკულაციები, რასაც ოპოზიციის მხრიდან ვისმენთ, აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ჩვენ ვნახეთ მცდელობა, რომ მათ ზეწოლა მოეხდინათ ადგილობრივ დონეზე საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებებზე. საზოგადოებას რეალური ინფორმაცია უნდა ჰქონდეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობამ თვითმმართველობის რეფორმის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღოს”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გუშინ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმონადგენლებმა და ადგილობრივებმა საკონსტიტუციო ცვლილევებთან დაკავშირებით იმსჯელეს. ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რასაც მოქალაქეები აყენებდნენ, ოზურგეთისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნება იყო. ამ მოთხოვნით ხელისუფლების წარმომადგენლებს გუშინ 200-მდე ხელმოწერაც გადასცეს.

წყარო: ინტერპრესნიუსი