თვითმმართველი ქალაქებისთვის თვითმმართველი თემების შეერთების სამთავრობო ინიციატივის მხარდასაჭერად მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე ზეწოლა მიმდინარეობს, – აღნიშნულია 21 არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში, რომლის ადრესატები პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი და რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო არიან. განმცხადებლები დაუშვებლად მიიჩნევენ, თვითმმართველი ქალაქებისა და თემებისთვის სტატუსის გაუქმების თაობაზე სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების განხორციელების პროცესი ფართო საზოგადოების ჩართულობის გარეშე წარიმართოს. შესაბამისად, ისინი მოითხოვენ, უახლოეს დღეებში, საკრებულოების მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, სამოქალაქო საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის გაიმართოს შეხვედრა, რომელზეც რეგიონალური განვითარების სამინისტროს მიერ შემუშავებულ წინადადებებს განიხილავენ.
7 თვითმმართველი ქალაქისთვის – გორისთვის, თელავისთვის, ზუგდიდისთვის, ოზურგეთისთვის, ახალციხისთვის, ამბროლაურისა და მცხეთისთვის – სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებმა 18 მაისს საგანგებო პრესკონფერენცია ერთდროულად 5 ქალაქში გამართეს: თბილისში, თელავში, გორში, ოზურგეთსა და ზუგდიდში პრაქტიკულად ერთდროულად ითქვა, რომ მთავრობის ინიციატივა, რომელიც საზოგადოებასთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე მომზადდა და მუნიციპალიტეტებში „შესათანხმებლად“ გადაიგზავნა, 14 მუნიციპალიტეტის – მათ შორის, 7 თვითმმართველი ქალაქის – გაუქმებას და კვლავ საბჭოთა რაიონების ტერიტორიული მოწყობის აღდგენას ითვალისწინებს. შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა საგანგებოდ მოუწოდეს ადგილობრივი საკრებულოების წარმომადგენლებს, არ დაემორჩილონ პარტიულ ინსტრუქციებს და მხოლოდ მოსახლეობასთან ფართო კონსულტაციების საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილება. რაც შეეხება პარტიულ ინსტრუქციებს, როგორც სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი ამბობს, არსებობს ინფორმაცია, რომ სამთავრობო კომისიამ რეგიონალური განვითარებისა და ინფრაქსტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული ინიციატივა მოიწონა და მის მხარდასაჭერად საკრებულოებმა შესაბამისი დავალებები მიიღეს:
“ორი-სამი დღის წინ ზუსტად გამოვიდა ინფორმაცია ადგილებიდან, რომ თბილისში დაიბარეს საკრებულოს წევრები, გააცნეს საკრებულოს თავმჯდომარეებს ეს ინიციატივა, წინადადება და მისცეს დავალება, რომ ერთხმად დაეჭირათ მხარი ამ ინიციატივისათვის. და უკვე გუშინ მოგვივიდა ინიციატივა, რომ ამბროლაურის თემის საკრებულომ უკვე ჩაატარა სხდომა, სადაც მოიწონეს ეს ინიციატივა და უკვე დღეს-ხვალ იგეგმება სხვა მუნიციპალიტეტებშიც მსგავსი საკრებულოს სხდომების მოწვევა და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საკრებულოს წევრები გამოიჩენენ უფრო მეტ სითამამეს და ასე ერთხმად, სანამ მოქალაქეებთან არ გაივლიან კონსულტაციას და მოსახლეობასთან შეხვედრებს არ ჩაატარებენ, არ მიიღებენ არანაირ გადაწყვეტილებას“.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელ ირმა პავლიაშვილის თქმით კი, მართალია, გადაწყვეტილებას საბოლოოდ პარლამენტი იღებს, მაგრამ თვითმმართველ ერთეულებსა და ხალხთან კონსულტაცია კონსტიტუციის მოთხოვნაა და ამის გარეშე პროცესი არადემოკრატიულ ხასიათს მიიღებს. მისივე თქმით, ეგრეთ წოდებული განხილვები ფორმალურია და დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს:
“ძალიან საინტერესოა ის დოკუმენტი, რომელიც მოგვაწოდეს და საკითხი ეხება სწორედ იმას, რომ 3 აპრილს თითქოსდა გაიმართა მსგავსი ტიპის შეხვედრა, რეგიონული შეხვედრა, სადაც იგივე რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ მედიისა და სათემო ორგანიზაციის წარმომადგენლები. თუმცა, ჩვენი თანამშრომლების ინფორმაციით, არანაირი შეხვედრის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ. შესაბამისად, ეს პროცესი კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშნებს ბადებს. ეს არის თელავის თვითმმართველი ერთეული“.
ირმა პავლიაშვილი ამბობს, რომ დოკუმენტს ახლავს დასაბუთებაც, რატომ უნდა გამსხვილდეს თვითმმართველი ერთეული, თუმცა ეს დასაბუთება დეტალურად არ მოიცავს საგნობრივ მიზეზებსა და მსჯელობას. ზოგადად, სამთავრობო გათვლებით კი, მუნიციპალიტეტების გამსხვილება ადმინისტრაციული ხარჯების ოპტიმიზაციას მოემსახურება და 40 მილიონი ლარის დაზოგვას უზრუნველყოფს. თავის მხრივ, „ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის“ ხელმძღვანელის, დავით ლოსაბერიძის, შეფასებით, დაზოგვის ნაცვლად ხარჯები, შესაძლოა, გაიზარდოს კიდეც, თვითმმართველობა კი წარმოადგენს გერს, რომელზეც ყოველთვის ტყდება ჯოხი, დაწყებული ქამრების შემოჭერიდან, დამთავრებული წინასაარჩევნო გათვლებითა და ხელისუფლების მხრიდან ტოტალური კონტროლის სურვილით:
“საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, სამწუხაროდ, – იმედი მაქვს, რომ ვცდები და გამიხარდება, თუ შევცდი, – ადგება იგივე გზას, რასაც „მოქალაქეთა კავშირი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დაადგნენ, აქედან გამომდინარე ყველა შედეგით“.
„თვითმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის“, – აღნიშნული იყო არასამთავრობო ორაგიზაციების პირველ ერთობლივ განცხადებაში, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრს 29 მარტს გაეგზავნა. ამ მიმართვას ხელისუფლების მხრიდან დიალოგის სურვილი ან კონსულტაციის მცდელობა არ მოჰყოლია, სამაგიეროდ, მოჰყვა მეორე განცხადება, ამჯერად უკვე რეგიონალური განვითარების სამინისტროსა და პარლამენტის რეგიონალური განვითარების კომიტეტის მისამართით. მოჰყვა კიდევ ერთი თამამი ინიციატივაც, რომელიც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორს, ლევან ალაფიშვილს, ეკუთვნის:
“პირადად მე მივმართავ პრეზიდენტს, იმიტომ რომ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, გამოაცხადოს თვითმმართველობის არჩევნების თარიღი. შესაძლოა, ეს იყოს ერთადერთი და უკანასკნელი საშუალება, რომ შეჩერდეს ეს მავნე პროცესი, დემოკრატიის გაუარესების პროცესი საქართველოში“.
ლევან ალაფიშვილი ვარაუდობს, რომ მისი შეთავაზების გაზიარების შემთხვევაში, თვითმმართველი ქალაქები მინიმუმ 4 წლით შეინარჩუნებენ სტატუსს და ხელისუფლება ცვლილებების განხორციელებას 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვეღარ შეძლებს. დემოკრატიის გაუმჯობესების პროცესი დეცენტრალიზაციის მიმართულებით კი 2014 წლის არჩევნებზე განხორციელდა. იმ ქალაქებს შორის, რომლებიც თვითმმართველები გახდნენ, არის ზუგდიდიც. რა მიიღო ზუგდიდმა ამ სტატუსით? შეკითხვით არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯის“ წარმომადგენელს, ეგნატე შამუგიას, მივმართეთ:
“გაიზარდა მოქალაქეების ჩართულობა. თვითონ რასაც გულისხმობს თვითმმართველობა, ამის რეალურად განხორციელების პროცესი დაიწყო. გაიზარდა საკუთარი შემოსავალი, რომელსაც მუნიციპალიტეტი დამოუკიდებლად განკარგავს. გაიზარდა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული მშენებლობების ტემპი და, ამავდროულად, ეს იყო მართლა იმ 50 000 ამომრჩევლის მოთხოვნა, რომ მათ ჰქონოდათ დამოუკიდებელი ბიუჯეტი და ჰყოლოდათ მათ მიერ არჩეული ადგილობრივი ხელისუფალი“.
ეგნატე შამუგია ვარაუდობს, რომ საკრებულო, 50 000 ადამიანის ნების საწინააღმდეგოდ, 5 წუთში მოიწონებს მთავრობის გადაწყვეტილებას ქალაქ ზუგდიდისა და ზუგდიდის თემის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ. თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის შენარჩუნება, თავის მხრივ, ადგილობრივი საზოგადოების მიერ აქცენტირებული ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვებზე, მიუხედავად იმისა, რომ თავისთავად საკითხი საკონსტიტუციო თემატიკას არ განეკუთვნება. ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ჰპირდებოდნენ, რომ საკითხი არ გადაწყდებოდა მათი ნებისა და მათთან კონსულტაციების გარეშე, თვითმმართველი ქალაქების მუნიციპალიტეტების გაუქმებისა და მათი თემის მუნიციპალიტეტებთან გაერთიანების საკითხების განხილვის პროცესი კი უკვე დაწყებულია. ამ რიგის განხილვას, სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გამო, ოზურგეთის საკრებულოში ხმაური და ვნებათაღელვა მოჰყვა. საკრებულომ გაერთიანებას მხარი დაუჭირა.