ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, დედაქალაქში მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან 4 158 ხმით წააგო.
სულ თბილისის მასშტაბით 10 საარჩევნო ოლქია, საიდანაც კანდიდატებმა ხუთ-ხუთი ოლქის მოგება შეძლეს, თუმცა, საბოლოო ჯამში სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული ხმები გრიგოლ ვაშაძის მიერ მიღებულ ხმებზე ნაკლებია.
წინასწარი მონაცემებით, ზურაბიშვილმა მთაწმინდის, ვაკის, საბურთალოს, ჩუღურეთისა და დიდუბის ოლქები მოიგო. რაც შეეხება ვაშაძეს, მან კრწანისის, ისნის, სამგორის, ნაძალადევისა და გლდანის საარჩევნო ოლქების მოგება შეძლო.
აღსანიშნავია, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 3 704 უბნის, ანუ უბნების 99.97% უკვე დათვლილი აქვს.