ქალაქ ზუგდიდის მერიის ქალაქმშენებლობის სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების უფროსის რომან დარასელიას განცხადებით, მას არ მოსწონს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამთავრობო კომისიის წინადადება მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანებაზე.
საკუთარი პოზიცია რომან დარასელიამ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხდომაზე საკითხის განხილვისას დააფიქსირა, მაშინ როცა სიტყვით გამოვიდა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან კონჯარია.
საკრებულოს წევრმა განაცხადა, რომ რეალურად ქალაქისა და თემის გაერთიანებას საჯარო მოხელეები არ ემხრობიან, თუმცა „მონურად უქნევენ თავს“.
„ჰკითხეთ თქვენს თანამშრომლებს მოსწონთ ის, რომ ისინი უმუშევრები და უხელფასოები დარჩებიან? – არცერთი ამაზე თანხმობას არ გეტყვით, უბრალოდ ყველა მონურად გიქნევთ თავს“, – განაცხადა კონჯარიამ სხდომაზე.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადების პასუხად, დარბაზში მყოფმა რომან დარასელიამ განაცხადა, რომ „მონურად არავინ უქნევს თავს“. მერიის თანამშრომლის სიტყვას დარბაზში ოვაციები და ტაში მოჰყვა.
როგორც „ლაივპრესთან“ საუბარში რომან დარასელია განმარტავს, საკრებულოს სხდომაზე ის ლევან კონჯარიას ფრაზამ გააღიზიანა და დააფიქსირა საკუთარი აზრი, რომ ემხრობა თვითმმართველობებში განხორციელებულ რეფორმას.
„მე ვრჩები იმ პოზიციაზე რა პოზიციაზეც ვიყავი სამი წლის წინ. თვითმმართველობა ნიშნავს არჩევით საკებულოს, არჩევით მერს, საკუთარ ბიუჯეტს, საკუთარ შემოსავლებს. მმართველი ძალის დამსახურება იყო ის რეფორმა, რაც სამი წლის წინ განხორციელდა. ეს საკითხი რასაც მუნიციპალიტეტების გაერთიანება ჰქვია, ბევრ კითხვის ნიშნებს აჩენს. არ არის ბოლომდე გარკვეული. თუ კადრების შემცირებაზე ვსაუბრობთ, ეს ისედაც შეიძლება. მუნიციპალიტეტების გაერთიანების გარეშეც შეიძლება მოხდეს ოპტიმიზაცია. მე ვფიქრობ, რომ ის რაც მოხდა სამი წლის წინ, წინ გადადგმული ნაბიჯია თვითმმართველობისკენ, დეცენტრალიზაციისკენ“, – უთხრა „ლაივპრესს“ რომან დარასელიამ.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 22 მაისს, დაპირისპირების და პროტესტის ფონზე მოიწონა რეგიონული განვითარების სამინისტროს სამთავრობო კომისიის ინიციატივა. უფრო ადრე აღნიშნულ წინადადებას მხარი თემის საკრებულომაც დაუჭირა.
წყარო: ლაივპრესი