“სამართლიანმა არჩევნებმა” კენჭისყრის დღის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა

421

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში ახორციელებს. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგება 800-მდე საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს, ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს 15 ოპერატორისა და 10 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს „სამართლიანი არჩევნები“ ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიით აკვირდება, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დროულად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემატურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე.

„სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ შეფასებას კენჭისყრის მიმდინარეობისა და საარჩევნო უბნების დახურვის შესახებ PVT-ის დამკვირვებელთა 99.0%-ის მიერ გამოგზავნილ ინფორმაციაზე დაყრდნობით.

ძირითადი დასკვნები

„სამართლიანი არჩევნების“ PVT მეთოდოლოგით მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოს მასშტაბით საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე კენჭისყრის პროცესმა უმეტესწილად მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. მიუხედავად ამისა, კენჭისყრის დღის განმავლობაში, დაფიქსირდა სხვადასხვა სახის პროცედურული დარღვევები, როგორიცაა: დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა; მარკირების პროცედურის დარღვევა; ბიულეტენებთან დაკავშირებული პრიცედურების დარღვევები; არაუფლებამოსილი პირების უბანზე ყოფნის ცალკეული შემთხვევები; არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემის შემთხვევები; ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული ხარვეზები; სხვის ნაცვლად ხმის მიცემა, აგიტაცია საარჩევნო უბანზე და სხვა დარღვევები. ასევე დაფიქსირდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების გამონაკლისი შემთხვევა.

არჩევნების დღეს ტენდენციის სახით გამოიკვეთა პარტიული აქტივისტების საარჩევნო უბნების მიმდებარედ მობილიზება და მათი მხრიდან ამომრჩევლების სიებში აღრიცხვა, რაც შესაძლოა ნეგატიურ გავლენას ახდენდეს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენაზე და ამომრჩევლის მიერ აღქმული იქნას, როგორც მათზე განხორციელებული ირიბი ზეწოლა.  ძირითადად ამ მეთოდს „ქართული ოცნების“ აქტივისტები იყენებდნენ, თუმცა რამდენიმე ოლქში დაფიქსირდა მსგავსი ქმედებები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები მხრიდანაც. მათ შორის, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა დააფიქსირეს მმართველი პარტიის აქტივისტების მხრიდან აგიტაციისა და მოსული ამომრჩევლებისთვის მხარდამჭერების მოყვანის დავალების შემთხვევები. ცალკეულ უბნებზე, მსგავსი მეთოდებით მოქმედებდნენ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მოწმობის მქონე პირებიც.

ამ დროისთვის „სამართლიან არჩევნებს“ 61 საჩივარი წარდგენილი აქვს საუბნო კომისიებში, ხოლო 62 საოლქო საარჩევნო კომისიებში.

დეტალური ინფორმაცია PVT-ის შედეგებზე დაყრდნობით

  • საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უბნების 7%-ზე ამომრჩევლებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს სათანადო დოკუმენტაციით. აღნიშნული მაჩვენებელი სტატისტიკურად არ განსხვავდება 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონაცემთან (98%).
  • საარჩევნო უბნების 1%-ზე მარკირება მოწმდებოდა კანონით დადგენილი წესისამებრ, რაც წარმოადგენს გაუმჯობესებას 2013 წლის არჩევნებთან მონაცემთან (94.4%) შედარებით.
  • საარჩევნო უბნების 1%-ზე ბიულეტენები სათანადოდ მოწმდებოდა ხელმოწერითა და ბეჭდით. ეს მონაცემი იგივეა, რაც 2013 წლის საპრეზიდენტო (99.1%) მონაცემები.
  • საარჩევნო უბნების 6%-ზე ამომრჩეველებს ყოველთვის უკეთდებოდათ მარკირება, რაც სტატისტიკურად მნიშვნელოვნად არ განსხვავდება 2013 წლის არჩევნებთან შედარებით, როდესაც მარკირება შემოწმდა უბნების 97.4%-ზე.
  • საარჩევნო უბნების 6%-ზე ხმის მიცემის ფარულობა ყოველთვის დაცული იყო. ეს მაჩვენებელი მცირედ გაუმჯობესებულია 2013 წლის არჩევნების მონაცემთან (96.4%) შედარებით.
  • საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის ან ზეწოლა-მუქარის ფაქტები

დარღვევები

17:00 საათის შემდგომ, „სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:

დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა:

  • #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #93 საარჩევნო უბანზე კომისიის მდივანმა დამკვირვებელს არ მისცა საჩივრის დარეგისტრირების საშუალება.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა:

  • #38 ადიგენის საარჩევნო ოლქის #4 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა, მიუხედავად თავმჯდომარის მითითებისა, ბიულეტენი კაბინის გარეთ შემოხაზა.

აგიტაცია უბანზე:

  • #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ორგანიზაციის დამკვირვებელი ახორციელებდა აგიტაციას და მოუწოდებდა ამომრჩევლებს ხმა მიეცათ „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის.
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #91 საარჩევნო უბანზე კომისიის წევრი აკეთებდა პოლიტიკური შინაარსის კომენტარებს.

ბიულეტენთან დაკავშირებული პროცედურების დარღვევა:

  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #91 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა კონვერტის გარეშე მოათავსა ბიულეტენი ყუთში.
  • #37 ახალციხის საარჩევნო ოლქის #34 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორის მიერ ხელმოწერების გადათვლის შემდეგ ერთი ბიულეტენით მეტი აღმოჩნდა გაცემული.
  • #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #102 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორმა ერთით მეტი ბიულეტენი გასცა ამომრჩეველზე.
  • #83 ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიის #37 საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთის მეშვეობით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 41 ამომრჩეველმა, ხოლო გადასატანი ყუთის კომისიის წევრებს გადაცემულ ჰქონდათ 50 ბიულეტენი. ხმის მიცემის დასრულების შემდგომ, გადასატან საარჩევნო ყუთთან ერთად უბანზე ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა ნაცვლად 9 ბიულეტენისა დააბრუნეს ერთით ნაკლები ბიულეტენი – 8 ბიულეტენი.

საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება:

  • #52 ბაღდათის საარჩევნო ოლქის #6 და #25 საარჩევნო უბნებზე არცერთი რეგისტრატორის სამაგიდო სიაში არ იყო მითითებული რომელი ამომრჩევლები აძლევდნენ ხმას გადასატანი ყუთით.
  • #67 ზუგდიდი საარჩევნო ოლქის #86 საარჩევნო უბანზე კომისიის მდივანმა მონაცემები გადაასწორა სადემონსტრაციო ოქმში.

სიაში ხელმოწერებთან დაკავშირებული დარღვევები

  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #36 საარჩევნო უბაზე მისულ ამომრჩეველს მისი გრაფის გასწვრივ ხელმოწერა დახვდა.
  • #8 დიდუბის საარჩევნო ოლქის #54 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის კომისიის წევრებმა გადასატანი ყუთის სიასთან ერთად წაიღეს სპეციალური სიაც, რაც გადასატანი ყუთის უბანზე დაბრუნების შემდეგ გამოვლინდა.
  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბაზე გადასატანი ყუთის გამყოლმა კომისიის წევრმა გადასატანი ყუთის სიაში მყოფი ამომრჩევლის ნაცვლად ხმა მიაცემინა სიაში მყოფი პირის ოჯახის წევრს.
  • #10 გლდანის საარჩევნო ოლქის #93 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორს თავისი ხელმოწერა გამორჩა სიაში.

საარჩევნო კომისიისთვის ხელის შეშლა: 

  • სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ვაკის საოლქო კომისიის თავმჯდომარესა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ კონსტანტინე იოსელიანს შორის, რომელიც, რამდენიმე პირთან ერთად, იღებდა ოლქში მიმდინარე პროცესს, კომისიის თავმჯდომარის თქმით მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, რადგან არ წარმოადგინეს აკრედიტაციები. მათი ოლქში მოსვლის შემდეგ კომისიის თავმჯდომარესა და კონსტანტინე იოსელიანს შორის შელაპარაკება კომისიის შენობის დერეფანში დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდება. კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნული პირები საოლქო კომისიის შენობიდან გააძევა, თუმცა „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს“ წარმომადგენელი ვაკის საოლქო კომისიაში, დავით ნებიერიძე თავმჯდომარის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა, რის გამოც თავმჯდომარემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომელმაც ნებიერიძე ოლქიდან გაიყვანა.

სამართლიანი არჩევნები გაძლევთ შესაძლებლობას ონლაინ რეჟიმში დააკვირდეთ არჩევნების მიმდინარეობას არჩევნების პორტალის – www.electionsportal.ge მეშვეობით, სადაც  საარჩევნო დარღვევები საარჩევნო რუკაზე აისახება. ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა მოგვაწოდოს ინფორმაცია საარჩევნო დარღვევების თაობაზე უფასო sms-ით ნომერზე 90039.

„სამართლიანი არჩევნები“ მოგაწოდებთ ინფორმაციას არჩევნების დღის შედეგების შესახებ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის და შედეგების შეჯამების დასრულების და მიღებული ინფორმაციის დამუშავების შემდეგ. მომდევნო განცხადება გამოქვეყნდება 29 ოქტომბერს.