საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სამონიტორინგო პროგრამას, რომელიც მოიცავს როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.
არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა მოიცავს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ 16 საარჩევნო ოლქს, კერძოდ: რუსთავის #20, გარდაბნის #21, მარნეულის #22, ბოლნისის #23, დმანისის #24, წალკის #25, თეთრიწყაროს #26, (ქვემო ქართლი), ბორჯომის #36, ახალციხის #37, ადიგენის #38, ასპინძის #39, ახალქალაქის #40, ნინოწმინდის #41, (სამცხე-ჯავახეთი), საგარეჯოს #11 (კახეთი), ასევე ისნის #5 და კრწანისის #4 (თბილისი) საარჩევნო ოლქებს.
არჩევნების დღის სამონიტორინგო პროგრამაში ჩართულია 190 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათ შორის 132 საუბნო, 41 მობილიური ჯგუფის, 16 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.
არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით „მრავალეროვანი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს ინციდენტების ცენტრი. ინციდენტების ცენტრის ოპერატორები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. ოპერატორები მოკლევადიანი დამკვირვებლებისაგან იღებენ და ამუშავებენ საარჩევნო ხასიათის ინფორმაციას.
გარდა აღნიშნულისა, „მრავალეროვანი საქართველოს“ ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზი, რითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამას მიაწოდოს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.
არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევენ პროგრამის იურისტები.
21.00 სთ. „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი იქნა შემდეგი ხასიათის ინციდენტები:
ხმის მიცემა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბნის კომისიის ნაკადის მარეგულირებლი ამომრჩევლებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე უშვებდა საარჩევნო უბანზე, რის შემდგომაც ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას იღებდნენ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე. აღნიშნული ინციდენტი გაპროტესტებული იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შესაბამისადაც დაიწერა საჩივარი.
ვადაგასული პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ხმის მიცემის მცდელობა
გარდაბნის #21 სარჩევნო ოლქის #60 საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მხრიდან ვადაგასული პირადობის დამადასტურებელი მოწმობით ხმის მიცემის მცდელობას. აღნიშნული ფაქტი სიტყვიერად გააპროტესტა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა, რის შედეგადაც ინციდენტი აღმოიფხვრა (ამომრჩეველმა დატოვა უბანი).
სხვა დარღვებები (გადასატანი საარჩევნო ყუთი)
მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #48 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ინციდენტი, რის შესაბამისადაც გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანზე დაულუქავ მდგომარეობაში დაბრუნდა. ინციდენტის თაობაზე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიებში.
უბნის დახურვასთან დაკავშირებული ინციდენტები
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #32 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ინციდენტი, რის შესაბამისადაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ არ ჩაატარა კენჭისყრა კომისიის წევრებს შორის მთვლელების გამოსავლენად. ფაქტი გაპროტესტებული იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის საფუძველზეც ინციდენტი აღმოიფხვრა.
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #27 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის დროს გაშლილი იყო სუფრა და კომისიის ყველა წევრი მიირთმევდა ალკოჰოლს, რამაც ხელი შეუშალა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. გარდა აღნიშნულისა, უმეთვალყურეოდ იყო დატოვებული ძირითადი საარჩევნო ყუთი. ინციდენტი გაპროტესტებული იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ და დაიწერა საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში.
დამკვირვებლის უფლების უკანონო შეზღუდვა
მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #49 საარჩევნო უბანი არ იყო სათანადოდ მოწყობილი ხმის დათვლისთვის. ასევე, დამკვირვებელს შეეზღუდა ჩანაწერის გაკეთების შესაძლებლობა ჩანაწერთა წიგნში. გარდა აღნიშნულისა, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის მხრიდან დაფიქსირდა მუქარა როგორც „მრავალეროვანი საქართველოს“, ასევე საიას დამკვირვებლის მიმართ, რომელზეც ასევე განხორციელდა ფიზიკური ძალადობა (ხელი ჰკრეს). ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ, დაიწერა საჩივარი საოლქო საარჩევნო კომისიაში.
***
ჯამში, ამ დრომდე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა 37 ინციდენტი, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიებში დაიწერა 11 საჩივარი, რომელთაგან 5 შეტანილ იქნა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში.
***
2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სამონიტორინგო პროგრამის ფარგლებში, “მრავალეროვანმა საქართველომ” დაასრულა წინასაარჩევნო პროცესზე სამონიტორინგო საქმიანობა 6 გრძელვადიანი დამკვირვებლის მეშვეობით, რომელმაც მოიცვა გარდაბნის #21, მარნეულის #22, ბოლნისის #23, დმანისის #24, (ქვემო ქართლი), ბორჯომის #36, ახალციხის #37, ადიგენის #38, ახალქალაქის #40, ნინოწმინდის #41, (სამცხე-ჯავახეთი) და საგარეჯოს #11 (კახეთი) საარჩევნო ოლქები.
“მრავალეროვანი საქართველო” 2003 წლიდან აქტიურად არის ჩართული ქვეყანაში არჩევნების გამჭვირვალობის ხელშეწყობისა და საარჩევნო პროცედურების ეფექტურად რეალიზების პროცესში. ორგანიზაცია მონიტორინგს უწევდა საქართველოში გამართულ ყველა არჩევნებს.
არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ეროვნული ღვაწლი დემოკრატიისათვის (NED) ფინანსური მხარდაჭერით.
განცხადების შინაარსზე პასუხისმგებელია საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებსა და მოსაზრებებს.