ადამიანის უფლებათა ცენტრი საარჩევნო უბნებთან აქტივისტების მობილიზებას პრობლემად მიიჩნევს

605

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ამ დრომდე ერთი საჩივარი და რამდენიმე შენიშვნა დაწერა, – ამის შესახებ ცენტრის ხელმძღვანელმა, ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მარნეულის ერთ-ერთ უბანზე ამომრჩეველმა სხვის გრაფაში მოაწერა ხელი, შენიშვნის მიცემის შემდეგ კი საარჩევნო უბნიდან გაიქცა.

ცქიტიშვილი ამბობს, რომ ხარვეზები, რომელიც საარჩევნო უბნებზე ფიქსირდება, უმეტესად, არა დარღვევის მიზნით, არამედ საარჩევნო უბნის კომისიის წევრთა დაბალი კვალიფიკაციის გამო ხდება. ის, ასევე, აცხადებს, რომ არჩევნები, ძირითადად, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და ამ დრომდე დაფიქსირებული ხარვეზები მის შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ცენტრი კვლავ პრობლემად ასახელებს საარჩევნო უბნების მიმდებარედ აქტივისტების მობილიზებას, რაც არჩევნების სამართლიან და მშვიდობიან გარემოში ჩატარებას უშლის ხელს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, გორში თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან მობილიზებულია „ქართული ოცნების“ აგიტატორები. აგიტატორებმა რამდენიმე უბანზე „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერიც გააკრეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორმა გადაიღო ტირძნისის 62-ე საარჩევნო უბანზე გაკრული სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი პოსტერები.

ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორებმა რამდენიმე შენიშვნა შეიტანეს შენიშვნების წიგნში და საარჩევნო კომისიას ხარვეზების გამოსწორებისკენ. მოუწოდეს.

სადემონსტრაციო ოქმები არ იყო ან არასწორად იყო შევსებული ფხვენისის 74- ე უბანზე და ტირძნისის 62-ე უბანზე.

ტირძნისის 92-ე უბანზე ერთის ნაცვლად ორი ბიულეტენი გასცა რეგისტრატორმა და ამომრჩეველმა ორივე ბიულეტენი განათავსა კონვერტში, რის გამოც რეგისტრატორმა ახსნა-განმარტება დაწერა.

დაახლოებით 12 საათისთვის, ხმაური იყო გორის 96-ე საარჩევნო უბანზე.

ხმაური ხმის მისაცემად მისულმა ამომრჩეველმა გამოიწვია, რომელიც სიაში არ აღმოჩნდა. საარჩევნო უბანზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლები საპრეზიდენტო არჩევნებს კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში აკვირდებიან.

ცენტრის მონიტორები მუშაობენ საგარეჯოს და მარნეულის მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, კერძოდ – პანსკისის ხოებაში და გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში.

საარჩევნო დღის განმავლობაში დამკვირვებელთა მიერ მოწოდებული ინფორმაცია აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ოპერატიულად გამოქვეყნდება ორგანიზაციის ინტერნეტ-გაზეთში – www.humanrights.ge ქართულ და ინგლისურ ენებზე და მიეწოდება სხვადასხვა მედიასაშუალებებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი, მონიტორინგის გზით, შეაფასებს საქართველოს საარჩევნო პროცესის შესაბამისობას საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტებთან, ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას რეგიონებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და  შერჩეულ საარჩევნო უბნებში უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის  გამჭვირვალობას.

არჩევნების შემდეგ, საარჩევნო პროცესის დაკვირვებისას აღმოჩენილ დარღვევებზე და სხვა მიგნებებზე ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოაქვეყნებს ორენოვან ანგარიშს. მასში დასკვნის სახით შევა რეკომენდაციები როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ასევე საქართველოს პარლამენტისა და შესაბამის უწყებების მიმართ.

ადამიანის უფლებათა ცენტრი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მონიტრორინგს  ახორციელებს პროექტით – „2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების მონიტორინგი საქართველოში“. პროექტს მხარს უჭერს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი.