“მრავალეროვანმა საქართველომ” კენჭისყრის უკანონოდ შეწყვეტა/შეჩერებისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტები დაფიქსირა

672

ამ დროისთვის „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ 25 ინციდენტი დაფიქსირდა, საუბნო საარჩევნო კომისიებში შევიდა 7 საჩივარი, რომელთაგან 2 ასევე შეტანილ იქნა შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში, – ამის შესახებ “მრავალეროვანი საქართველოს” წარმომადგენელმა, ალექსანდრა კალატოზიშვილმა საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“ამ დრომდე მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, თუმცა გარკვეული ხარვეზებით”, – თქვა კალატოზიშვილმა.

ორგანიზაციის დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებულია შემდეგი ინციდენტები:

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მიერ თავიანთი ფუნქციების არასათანადოდ შესრულება (4 შემთხვევა)

ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #66 საარჩევნო უბანზე ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი არ აწესრიგებდა ამომრჩეველთა რიგს დადგენილი რეგულაციების შესაბამისად და რეგისტრატორთან აგზავნიდა ორზე მეტ ამომრჩეველს. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელის არაერთი მითითების მიუხედავად, ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი განაგრძობდა მსგავს ქმედებას. ინცინდენტის აღმოფხვრის მიზნით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა წარადგინა საჩივარი საუბნო საარჩევნო კომისიაში, რის შედეგადაც დარღვევა აღმოიფხვრა.

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #74 საარჩევნო უბანის ნაკადის მარეგულირებელი კომისიის წევრი ამომრჩევლებს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის შემოწმების გარეშე უშვებდა საარჩევნო უბანზე. მიუხედავად „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის, ასევე საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარის არაერთგზის გაფრთხილებისა, ნაკადის მარეგულირებელი აგრძელებდა ზემოაღნიშნულ პრაქტიკას. ინციდენტი „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ იქნა გაპროტესტებული, რითაც მოითხოვა ნაკადის მარეგულირებლის ჩანაცვლება საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრით.

ახალციხის #37 საარჩევნო ოლქის #9 საარჩევნო უბანზე (ვალე) საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი რეგისტრატორები ამომრჩევლებს ბიულეტენებს გადასცემდნენ ბეჭდისა და ხელმოწერის გარეშე. აღნიშნული ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც იგი აღმოიფხვრა.

ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #11 საარჩევნო უბანზე ნაკადის მარაგულირებელმა კომისიის წევრმა,  კომისიის თავჯდომარესთან შეთანხმებით შეწყვიტა თავისი ფუნქციების შესრულება, რის გამოც რამოდენიმე ამომრჩეველი მარკირების შემოწმების გარეშე შევიდა საარჩევნო უბანზე. აღნიშნულთან დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი და დარღვევა იქნა აღმოფხვრილი.

კენჭისყრის უკანონოდ შეწყვეტა/შეჩერება (1 შემთხვევა)

ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #70 საარჩევნო უბანი 08:42 წუთზე დაიკეტა კომისიის წევრების მიერ შესვენების მიზნით და შესაბამისად რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეეზღუდათ ხმის მიცემის უფლება. აღნიშნული ინციდენტი გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც იგი აღმოიფხვრა –  კომისიის თავმჯდომარემ უბანი გახსნა ამომრჩევლების მისაღებად.

ფიზიკური ძალადობა (1 შემთხვევა)

მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #59 საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე ადგილი ქონდა დაპირისპირებას (ჩხუბს) პრეზიდენტობის კანდიდატების მხარდამჭერებს შორის. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით „მრავალეროვანი საქართველოს„ დამკვირვებელმა სათნადო რეაგირების მოხდენის მიზნით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. ინციდენტის თაობაზე ორგანიზაციის ცენტრალურმა ოფისმა ასევე აცნობა შსს-ს წარმომადგენელს ნინო ცაციაშვილს, რის შედეგადაც ხსენებულმა უწყებამ ინციდენტი აიყვანა კონტროლზე.

დამკვირვებლისათვის უფლების შეზღუდვა (1 შემთხვევა)

ნინოწმინდის #41 საარჩევნო ოლქის #26 საარჩევნო უბანზე (სოფ. ოროჯალარი) ადგილი ჰქონდა დამკვირვებლის კანონით დადგენილი უფლების შეზღუდვას. კერძოდ, „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელს მოსთხოვეს პირადობისა და  დამკვირვებლის რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობების წარდგენა. დამკვირვებლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნულმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა განაცხადა, რომ დოკუმენტაცია ყალბია და უარი განაცხადა დამკვირვებლისთვის წარდგენილი დოკუმენტაციის უკან დაბრუნებაზე. აღნიშნულის თაობაზე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელის მიერ გაცხადებულ სიტყვიერ პროტესტს კომისიის წევრის მხრიდან უხეში რეაგირება მოჰყვა (არაკორექტული ფორმით დამკვირვებლისათვის დოკუმენტაციის უკან დაბრუნება). ინციდენტში ჩაერთო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც, თუმცა მისი აღმოფხვრა ვერ მოხერხდა. ინციდენტთან დაკავშირებით საუბნო საარჩევნო კომისიაშ დაიწერა საჩივარი.

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სამონიტორინგო პროგრამას, რომელიც მოიცავს როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.

“მრავალეროვანი საქართველოს” არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა მოიცავს 16 საარჩევნო ოლქს, კერძოდ: რუსთავის #20, გარდაბნის #21, მარნეულის #22, ბოლნისის #23, დმანისის #24, წალკის #25, თეთრიწყაროს #26, (ქვემო ქართლი), ბორჯომის #36, ახალციხის #37, ადიგენის #38, ასპინძის #39, ახალქალაქის #40, ნინოწმინდის #41, (სამცხე-ჯავახეთი), საგარეჯოს #11 (კახეთი), ასევე ისნის #5 და კრწანისის #4 (თბილისი)  საარჩევნო ოლქებს.

არჩევნების დღის სამონიტორინგო პროგრამაში ჩართულია 190 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათ შორის 132 საუბნო, 41 მობილიური ჯგუფის, 16 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.

არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით „მრავალეროვანი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს ინციდენტების ცენტრი. ინციდენტების ცენტრის ოპერატორები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. ოპერატორები მოკლევადიანი დამკვირვებლებისაგან იღებენ და ამუშავებენ საარჩევნო ხასიათის ინფორმაციას.

გარდა აღნიშნულისა, „მრავალეროვანი საქართველოს“ ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზი, რითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამას მიაწოდოს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.

არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევენ პროგრამის იურისტები.