განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ხელმძღვანელის, ქეთევან ჩაჩავას ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელმა საარჩევნო მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უბნის გახსნისა და კენჭისყრის პროცესის დაწყების პერიოდში, CDD-ს სადამკვირვებლო მისიის მიერ დაფიქსირებულია მცირე პროცედურული ხასიათის დარღვევები, კერძოდ, წილისყრის პროცედურის არათანმიმდევრული განხორციელება (აღსანიშნავია, კომისიის წევრების მხრიდან გადასატანი ყუთის წილისყრის პროცესში მონაწილეობაზე უარის ფაქტები, რაც წარმოადგენს საარჩევნო კოდექსის დარღვევას); საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება (მათ შორის: საკონტროლო ფურცლის არასათანადო შევსება); დამკვირვებლების მიერ თავიანთი უფლების განხორციელების შეზღუდვა და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბანზე დაგვიანებით დაშვება, თუმცა ზემდგომი საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმირების შემდეგ აღნიშნული შეფერხება მალევე გამოსწორდა.
CDD-ში ფუნქციონირებს არჩევნების დღის ცხელი ხაზი (790 333 111), რომლის მეშვეობით, მოქალაქეებს, შეუძლიათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. ასევე, ცხელი ხაზის მეშვეობით ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.