საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველოს“ ინფორმაციით, საარჩევნო უბნების გახსნიდან ამ დრომდე, ორგანიზაციის დამკვირვებლებმა სხვადასხვა ტიპის დარღვევები დააფიქსირეს. მათ შორის, უბანზე არაუფლებამოსილი პირის ყოფნის 2 შემთხვევა, კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილების პროცედურების დარღვევის 4 შემთხვევა, მარკირების წესის დარღვევის 1 შემთხვევა, აგიტაციის წარმოების 2 შემთხვევა, დამკვირვებლისათვის უფლების შეზღუდვის 2 შემთხვევა, საარჩევნო უბნის დაგვიანებით გახსნის 1 შემთხვევა და სხვა დარღვევები.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 07:00-დან 08:00-მდე, უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში, „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესბამისად, ყველა დამკვირვებელი დაუბრკოლებლად დაუშვეს საარჩევნო უბანზე, გარდა ერთი გამონაკლისისა. ყველა დამკვირვებელს მიეცა შესაძლებლობა თავისუფლად დაკვირვებოდა უბნის გახსნისა და მოწყობის პროცედურებს. ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა კანონმდებლობით დადგენილ დროს, კერძოდ 07:00 საათზე, გარდა ერთი უბნისა. ყველა საარჩევნო უბანი მზად იყო პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისათვის, გარდა ერთი უბნისა. არ დაფიქსირდა ძირითადი სახის დარღვევები უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესში.
“ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შესაძლოა დავასკვნათ, რომ ზოგადად უბნის გახსნისა და მოწყობის პროცესი წარიმართა მშვიდ გარემოში, თუმცა გარკვეული ხარვეზებით”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
“მრავალეროვანი საქართველოს” დამკვირვებელთა ინფორმაციით, ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #62 სააჩევნო უბანზე ადგილი ქონდა ინციდენტს, რის შესაბამისადაც უბანზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირის ყოფნა, რაც გაპროტესტებულ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ. ინციდენტი აღმოიფხვრა. არაუფლებამოსილ პირს დაატოვებინეს საარჩევნო უბანი.
მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის #89 საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დაწყებამდე „მრავალეროვანი საქართველოს„ დამკვირვებელმა აღმოაჩინა, რომ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ არაუფლებამისილი პირები, რის თაობაზეც მან შენიშვნა მისცა საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს და ამ უკანასკნელმა არაუფლებამოსილ პირებს დაატოვებინა საარჩევნო უბანი.
რაც შეეხება კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილების პროცედურების დარღვევას, ორგანიზაციის ინფორმაციით, ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #62 სააჩევნო უბანზე არ ჩატარდა წილისყრა კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გადასანაწილებლად. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი, რის საფუძველზეც დარღვევა აღმოფხვრილ იქნა.
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #69 საარჩევნო უბანზე ჩანაწერთა წიგნში კომისიის მდივნის მიერ არ იქნა შეტანილი ინფორმაცია კომისიის წევრთა შორის ფუნქციების გადანაწილების შესახებ. ინციდენტი გაპროტესტდა დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც ჩანაწერთა წიგნში შეტანილ იქნა შესაბამისი ინფორმაცია.
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #10 საარჩევნო უბანზე ჩანაწერთა წიგნში არ იქნა შეტანილი ინფორმაცია კომისიის წერვრთა შორის ფუნქციების დროებით შეცვლის თაობაზე. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე ინციდენტი აღმოფხვრილ იქნა.
მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის #89 საარჩევნო უბნის (ყიზილაჯლო) გახსნის შემდეგ კომისიის წევრთა შორის ფუნქციების განაწილების წილისყრა ჩატარდა წესების დარღვევით. „მრავალეროვანი საქართველოს„ დამკვირვებლის სიტყვიერი პროტესტის საფუძველზე ინციდენტი აღმოიფხვრა და წილისყრა ჩატარდა ხელმეორედ.
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #10 საარჩევნო უბანზე ნაკადის მარეგულირებელი ამომრჩეველს უკეთებდა მარკირებას, რაც კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული. ინციდენტი გაპროტესტდა დამკვირვებლის მიერ, რის შედეგადაც აღმოფხვრილ იქნა.
“მრავალეროვანი საქართველოს” ინფორმაციით, დაფიქსირდა პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერთა აგიტაციის ფაქტებიც. ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის #42 საარჩევნო უბნის შესასვლელთან სააგიტაციო მასალით იმყოფებოდნენ პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, კერძოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი აქტივისტები. „მრავალეროვანი საქართველოს„ დამკვირვებლის სიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე ინციდენტი აღმოფხვრილ იქნა, რის შესაბამისადაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავჯდომარემ აქტივისტებს დაატოვებინა საარჩევნო უბანი. ~
მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #59 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა აგიტაციის ინციდენტი. კერძოდ იდენტიფიცირებულ იქნა პირი, რომელსაც ეცვა პრეზიდენტობის ერთერთი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი მაისური. ინციდენტი აღმოფხვრილ იქნა „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის სიტყვიერი მითითების საფუძველზე, რის შედეგადაც ზემოაღნიშნულ პირს დაატოვებინეს საარჩევნო უბანი.
დაფიქსირდა დამკვირვებლისათვის უფლების შეზღუდვის ფაქტებიც. კერძოდ, ისნის #5 საარჩევნო ოლქის #2 საარჩევნო უბანზე ადგილი ქონდა დამკვირვებლის კანონით დადგენილი უფლების შეზღუდვას. კერძოდ, მას არ მიეცა სადემონსტრაციო ოქმისათვის ფოტოს გადაღების უფლება. ინციდენტის საფუძველზე „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ დაიწერა საჩივარი.
მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #74 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა ინციდენტი, რის შესაბამისადაც საუბნო საარჩევნო კომისიის წევრი „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელს არ უშვებდა საარჩევნო უბანზე. დამკვირვებლის სიტყვიერი პროტესტის საფუძველზე ინციდენტი აღმოფხვრილ იქნა და იგი დაუშვეს საარჩევნო უბანზე.
გარდა ამისა, მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის, # 59 საარჩევნო უბანი დაგვიანებით გაიხსნა.
მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #59 საარჩევნო უბანი არ იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად 08:00 საათისათვის. კერძოდ, პირველი ამომრჩევლის მიღება განხორციელდა 09:30 – სათვის.
მარნეულის # 22 საარჩევნო ოლქის # 89 საარჩევნო უბანზე (ყიზილაჯლო) 6:48 წუთზე უბნის კომისიის მიერ ადგილი ჰქონდა უბნის გახსნის მცდელობას. „მრავალეროვანი საქართველოს„ დამკვირვებლის სიტყვიერი პროტესტის საფუძველზე უბანი გაიხსნა კანონით დადგენილ დროზე, კერძოდ 7 სთზე.
მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის, #59 საარჩევნო უბანზე არ იწარმოებოდა სადემონსტრაციო ოქმი. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის სიტყვიერი მითითების საფუძველზე ინციდენტი აღმოფხვრილ იქნა.
მარნეულის #22 საარჩევნო ოლქის # 59 საარჩევნო უბანზე (სოფ. იმირი) 8:14 წუთისთვის სადემონსტრაციო ოქმში ამომრჩევლის საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით შესაბამისი გრაფები არ იყო შევსებული. „მრავალეროვანი საქართველოს „ დამკვირვებლის სიტყვიერი მითითების საფუძველზე, დარღვევა აღმოფხვრილი იქნა კომისიის მდივნის მიერ.
ახალქალაქის #40 საარჩევნო ოლქის, #67 საარჩევნო უბანზე, ნაკადის მარეგულირებელი არასათანადოდ ასრულებდა უფლებამოვალეობას. „მრავალეროვანი საქართველოს„ დამკვირვებლის სიტყვიერი მითითების საფუძველზე, უბნის კომიის თავჯდომარემ მოახდინა ნაკადის მარეგულირებლის ჩანაცვლება კომისიის სხვა წევრით.
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ახორციელებს 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სამონიტორინგო პროგრამას, რომელიც მოიცავს როგორც წინასაარჩევნო, ასევე არჩევნების დღისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგს.
არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამა მოიცავს 16 საარჩევნო ოლქს, კერძოდ: რუსთავის #20, გარდაბნის #21, მარნეულის #22, ბოლნისის #23, დმანისის #24, წალკის #25, თეთრიწყაროს #26, (ქვემო ქართლი), ბორჯომის #36, ახალციხის #37, ადიგენის #38, ასპინძის #39, ახალქალაქის #40, ნინოწმინდის #41, (სამცხე-ჯავახეთი), საგარეჯოს #11 (კახეთი), ასევე ისნის #5 და კრწანისის #4 (თბილისი) საარჩევნო ოლქებს.
არჩევნების დღის სამონიტორინგო პროგრამაში ჩართულია 190 მოკლევადიანი დამკვირვებელი, მათ შორის 132 საუბნო, 41 მობილიური ჯგუფის, 16 საოლქო საარჩევნო კომისიისა და 1 ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამკვირვებელი.
არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამის ხელშეწყობის მიზნით „მრავალეროვანი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებს ინციდენტების ცენტრი. ინციდენტების ცენტრის ოპერატორები მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. ოპერატორები მოკლევადიანი დამკვირვებლებისაგან იღებენ და ამუშავებენ საარჩევნო ხასიათის ინფორმაციას.
გარდა აღნიშნულისა, „მრავალეროვანი საქართველოს“ ოფისში მოქმედებს ცხელი ხაზი, რითაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ისარგებლოს და არჩევნების დღეზე სამონიტორინგო პროგრამას მიაწოდოს მის ხელთ არსებული საარჩევნო ხასიათის ინფორმაცია.
არჩევნებზე დღეზე სამონიტორინგო პროგრამას სამართლებრივ მხარდაჭერას უწევენ პროგრამის იურისტები.