28-29 ოქტომბერს კვლავ იმუშავებს არასამთავრობო ორგანიზაციების მედიაცენტრი, სადაც დამკვირვებელი ორგანიზაციები ჟურნალისტებს საპრეზიდენტო არჩევნების დღის მიმდინარეობის შესახებ გააცნობენ ინფორმაციას.
მედიაცენტრში ბრიფინგებს გამართავენ არასამთავრობო ორგანიზაციები: “სამართლიანი არჩევნები”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “მრავალეროვანი საქართველო”, “განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” და “ადამიანის უფლებათა ცენტრი”.
არჩევნების დღეს “სამართლიანი არჩევნების” 800 მოკლევადიანი დამკვირვებელი, 73 ოლქის დამკვირვებელი და 70 მობილური ჯგუფი არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით დააკვირდება;
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” არჩევნებზე წარმოდგენილი იქნება 350 დამკვირვებლით, რომლებიც 300 საარჩევნო უბანზე იქნებიან გადანაწილებულები. მათთან ერთად, საარჩევნო პროცესებს 45 მობილური ჯგუფიც დააკვირდება.
საია არჩევნებს დააკვირდება თბილისსა და 9 რეგიონში. კერძოდ, კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში.
“მრავალეროვანი საქართველოს” 190 დამკვირვებელი 16 საარჩევნო ოლქში, კერძოდ, რუსთავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, წალკის, თითრიწყაროს, ბორჯომის, ახალციხის, ადიგენის, ახალქალაქის, ნინოწმინდას, საგარეჯოს, ასევე, თბილისში, ისნის და კრწანისის ოლქებში დააკვირდება არჩევნების მიმდინარეობას.
“განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი” 100-კაციანი სადამკვირვებლო მისიით დააკვირდება კენჭისყრის დღის პროცედურებს, რაც მოიცავს: უბნის გახსნას, კენჭისყრის პროცესს, უბნის დახურვასა და შედეგების შეჯამებას თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავსა და თელავში მობილური ჯგუფების მეშვეობით. მისია სრულად დაფარავს გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებს.
“ადამიანის უფლებათა ცენტრის” დამკვირვებლები კახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებში დააკვირდებიან არჩევნებს. მათ შორის, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ და გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტისპირა სოფლებში.
მედიაცენტრში გაკეთებული განცხადებები ოპერატიულად განთავსდება მედია ცენტრის Facebook გვერდზე, აგრეთვე droa.ge-სა და მის facebook გვერდზე
მედია ცენტრი იმუშავებს ნატოს საინფორმაციო ცენტრის შენობაში. მის: შალვა დადიანის ქუჩა 2/1 (თავისუფლების მოედანი).
მედიაცენტრი მხარდაჭერილია “ღია საზოგადოების ფონდის” მიერ.