გორში ტურისტული ობიექტების მანიშნებელი ბანერები დაამონტაჟეს

1011

გორის რამდენიმე უბანში ახალი ბანერები გამოჩნდა, რომელიც ისტორიული ადგილების მიმართულებას მიუთითებს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

მერიაში განმარტავენ, რომ ტურისტული ობიექტების მანიშნებელი ბანერები, ჩამოსულ ტურისტებს გეზის განსაზღვრაში დაეხმარება.

ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის, რობერტ მაღლაკელიძის განმარტებით, სამისამართო ბანერების არ არსებობის პრობლემას თავად ტურისტები აყენებდნენ იმ გამოკითხვის დროს, რასაც აღნიშნული სამსახური აწარმოებს. ტურიზმის სააგენტოს ინფორმაციით, სამომავლოდ ქალაქის სხვადასხვა დასახლებაში იგეგმება მსგავსი ბანერების დამონტაჟება.

ტურიზმის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარე წელს გორის მუნიციპალიტეტში 400 000 მდე ტურისტი შემოვიდა, მათი უმრავლესობა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდანაა. ყველაზე მეტი ვიზიტორი კი სტალინის სახლმუზეუმს და უფლისციხეს ჰყავს.

“ტურისტები აღნიშნული ბანერების დამონტაჟებასთან ერთად ითხოვენ, ტრანსპორტს საერთაშორისო ენაზეც ჰქონდეს მიმართულება მითითებული, ასევე არსებობდეს საზოგადოებრივი საპირფარეშოები გორში და არსებობდეს ღამის ქალაქიც, რადგან ისინი მუდმივად წუხან იმაზე, რომ საღამოს საათებში ქალაქში არანაირი გასართობი დაწესებულება და ტრანსპორტიც კი არ არსებობს. ამ ყველაფერზე მიწერილი გვაქვს მერიასთან და ველოდებით რეაგირებას”, – განმარტავს რობერტ მაღლაკელიძე.