ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკისთვის მერია დამატებით ფართს ეძებს. როგორც თვითმმართველობაში განმარტავენ, ფართის მოსაძებნად მერიამ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა. მათივე ინფორმაციით, უკვე დაწყებულია პროცესი და სამინისტროს პასუხს ელოდებიან. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
სავარაუდოდ, ახალ ფართში ბიბლიოთეკის ნაწილი გადავა. საკმარისი იქნება, თუ არა დამატებითი ფართი ბიბლიოთეკისთვის, დირექტორი ვერ აკონკრეტებს. გია ქობალიანი განმარტავს, რომ ფართის მოძებნა ჯერჯერობით თეორიის დონეზეა და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
“გააჩნია, დამატებითი ფართი რამდენი გამოჩნდება. ამჟამად ბიბლიოთეკა განთავსებულია 3 000 კვ მეტრზე მეტ ფართობზე. რამდენს მოგვცემენ და როგორი იქნება, ჯერ ეს თეორიის დონეზე არის. ვინ გაავრცელა ეს ინფორმაცია, ესეც არ ვიცი. უმნიშვნელოვანესია, რომ ქალაქს უკეთესი ბიბლიოთეკა და წიგნადი ფონდი ქონდეს. ხელისუფლების კეთილი სურვილია, მოხდეს რეაბილიტაცია. წლებია, შენობას რემონტი არ ჩატარებია. ამას სპეციალისტები ჭირდება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ასე ადვილია არაა”, – განაცხადა გია ქობალიანმა.
ბიბლიოთეკაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა. მან განაცხადა, რომ ბიბლიოთეკაში არსებული ინფრასტრუქტურა მოთხოვნებს არ შეესაბამება.
ქუთაისის ბიბლიოთეკაში არსებულ პრობლემებზე საუბარი ორი წლის წინ დაიწყო. იმ დროისთვის ბიბლიოთეკის სხვა შენობაში გადასვლის შესაძლებლობასაც არ გამორიცხავდნენ, განმარატავდნენ, რომ შენობა ავარიულია და რეაბილიტაცია არაეფექტური იქნებოდა, რასაც მათი ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნა მოწმობდა.
იმ დროისთის ერთ-ერთ ალტერანტიულ ადგილად ბიბლიოთეკის გვერდით მდებარე საგზაო დეპარტამენტის შენობა მოიაზრებოდა.