ატენის ხეობაში 2017 წელს დაწყებული გზის რეაბილიტაციის დასრულება, მომავალ წლამდე გადაიდო

1345

გორის მუნიციპალიტეტში ხიდისთავი-ატენის-ბოშურის გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთზე სამუშაოები ოქტომბერშიც ვერ სრულდება. გორის მაჟორიტარი დეპუტატის, თემურ ხუბულურის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის დასრულება მომავალი წლის მაისისთვის გადაიდო. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

“როგორც მითხრეს, მაისის თვემდე გადაიწია სამუშაოების დასრულებამ, რადგან ამ მონაკვეთზე ყოფილა კერძო პირების საკუთრებაში არსებული მიწები, რომლებიც უნდა შეისყიდონ, რასაც დრო დასჭირდება. არ ვიცი ვისი ბრალია, რომ ეს გზის გაკეთება ასე გაჭიანურდა, მაგრამ თავიდანვე როცა დააპროექტეს, წესით უნდა სცოდნოდათ, რომ გარკვეულ მონაკვეთზე მიწები, კერძო პირების საკუთრება იყო“, – ამბობს თემურ ხუბულური.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხიდისთავი-ატენი-ბოშურის 10 კმ-იანი გზის მონაკვეთის დასრულების ვადამ სამუშაოების დაწყებიდან ორჯერ გადაიწია.

თავდაპირველად, გზის მშენებლობა ინჟინერის მხრიდან გარკვეული შენიშვნების შეტანის შემდეგ შეფერხდა. ამასთანავე, გზის მშენებლობის გაგრძელებას ხელი ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ გაზსადენისა და სასმელი წყლის მილების მშენებლობამ შეუშალა. გზის დასრულება 2-3 თვით შეფერხდა.

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული გზის მონაკვეთზე სამუშაოები 2017 წლის 22 მაისს დაიწყო, ხოლო დასრულების ვადად 2018 წლის 22 მაისი განისაზღვრა, თუმცა აღნიშნულ ვადაში პროექტის დასრულება ვერ მოხერხდა და სამუშაოების დასრულებამ 2018 წლის 22 ოქტომბრამდე გადაიწია.

“ამ ეტაპზე, აღნიშნული მონაკვეთის 4 კმ-ზე მოწყობილია ასფალტ-ბეტონის საფარი, ხოლო დარჩენილ 6 კმ-ზე მიმდინარეობს ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები. მასთან, ვინაიდან, საპროექტო სამუშაოების განხორციელებისას საჭირო გახდა ადგილობრივი მოსახლეობის მიმდებარე ნაკვეთებში შესვლა,  მოსახლეობასთან მოლაპარაკების წარმოება და განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადება, განსახლების სამოქმედო გეგმის მომზადების პერიოდში, დონორი ორგანიზაციის მიერ კონტრაქტორს აეკრძალა სამუშაოების წარმოება პრობლემურ მონაკვეთებზე, რაც თავისთავად იწვევს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების შეფერხებას”, – აცხადებენ სავტომობილო გზების დეპარტამენტში.

უწყების ცნობით, სამუშაობის დასრულების თარიღი ამ დროისთვის ისევ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ ხიდისთავი – ატენის – ბოშურის გზის რეაბილიტაციისთვის 7 728 552 ლარის ღირებულების ტენდერი 2016 წლის 27 ოქტომბერს გამოცხადდა. გამარჯვებულ კომპანიას “AGT Menegment, Meslehet,Tikinti Xidmetleri MMC” სამუშაოები 12 თვის ვადაში 6 155 842 ლარად უნდა შეესრულებინა. სატენდერო პირობების თანახმად, ვადა გასული წლის ნოემბერში ამოიწურა.

პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.