ალბათ, გახსოვთ, რომ საქართველოს მთავრობამ დეცენტრალიზაციის ახალ სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო. ხელისუფლების თქმით, ქვეყანაში დეცენტრალიზაციის პროცესი მიმდინარე წლის ბოლოდან დაიწყება და 2025 წლისთვის დასრულდება. კონსტიტუციით კი, პრეზიდენტს შეუძლია, ნებისმიერ კანონზე საკუთარი შენიშვნები პარლამენტს წარუდგინოს. მას, ასევე, ამა თუ იმ კანონზე ვეტოს დადების უფლებაც რჩება. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რა პოზიცია ექნება მომავალ პრეზიდენტს ამ საკითხთან დაკავშირებით, მით უფრო, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება მოქალაქეთა კეთილდღეობის გაზრდასთან პირდაპირ არის დაკავშირებული, ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატები კი სწორედ ამას ჰპირდებიან ამომრჩევლებს.
გარდა ამისა, მომავალ პრეზიდენტს, ახალი კონსტიტუციითაც კი, შეუძლია, მთავრობის წარდგინებითა და პარლამენტის თანხმობით, შეაჩეროს მუნიციპალიტეტების საკრებულოების საქმიანობა, ან დაითხოვოს ისინი, “თუ მათი მოქმედებით საფრთხე შეექმნება ქვეყნის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა კონსტიტუციური უფლებამოსილებების განხორციელებას”.
სწორედ ამიტომ, droa.ge-მ გადაწყვიტა, გაეგო, თუ რას ფიქრობენ კანდიდატები დეცენტრალიზაციისა და ზოგადად, თვითმმართველობის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, აქვთ თუ არა კონკრეტული ხედვა და გეგმები აღნიშნულ პროცესში ჩასართავად.
კითხვები, რომლებზეც პრეზიდენტობის კანდიდატებს უნდა ეპასუხათ
პრეზიდენტობის კანდიდატებისგან გვაინტერესებდა, პრეზიდენტობის შემთხვევაში, რა ფორმით აპირებენ ისინი დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობას; კონკრეტულად, რა უნდა გახდეს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პრიორიტეტები ქონებრივ და ფისკალურ ნაწილში, განათლების, კულტურის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში; უნდა გაძლიერდეს თუ არა თვითმმართველობის ბიუჯეტის ხარჯებზე კონტროლის მექანიზმები ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან და რა ფორმით; ეთანხმებიან თუ არა გარკვეულ პოლიტიკოსთა მოსაზრებას, რომ უმჯობესია, მერების პირდაპირი წესით არჩევა მათი საკრებულოს მიერ არჩევითობით ჩანაცვლდეს; პირდაპირი წესით არჩეული მერისთვის უნდობლობის გამოცხადების უფლება უნდა ჰქონდეს საკრებულოს თუ მხოლოდ მოსახლეობას, რომელმაც მერი აირჩია; სავალდებულო უნდა გახდეს თუ არა მერისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის მომზადებაში მოსახლეობის ჩართულობა; უნდა იყოს თუ არა შემოღებული ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა სამართლებრივი პასუხისმგებლობა თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევისათვის; ვალდებული უნდა იყოს თუ არა მერია, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე კონსულტაციები გაიაროს გუბერნატორსა და მთავობასთან.
პრეზიდენტობის შვიდ კანდიდატს – სალომე ზურაბიშვილს, გრიგოლ ვაშაძეს, დავით ბაქრაძეს, დავით უსუფაშვილს, კახა კუკავას, შალვა ნათელაშვილს და ზურაბ ჯაფარიძეს კითხვარი გავუგზავნეთ და ვთხოვეთ, ამომრჩევლისთვის საკუთარი შეხედულებები გაეცნოთ. შვიდი კანდიდატიდან ამ კითხვებზე პასუხი ოთხისგან – დავით უსუფაშვილისგან, გრიგოლ ვაშაძისგან, ზურაბ ჯაფარიძისგან და კახა კუკავასგან მივიღეთ. სამმა – სალომე ზურაბიშვილმა, დავით ბაქრაძემ და შალვა ნათელაშვილმა, ვადის არაერთხელ გადაწევის მიუხედავად, კითხვებზე პასუხი არ გაგვცა.
ამის მიუხედავად, იმისათვის, რომ საზოგადოებისთვის გაგვეცნო, რას ფიქრობენ ზურაბიშვილი, ბაქრაძე და ნათელაშვილი თვითმმართველობის საკითხებზე, მათ საარჩევნო დაპირებებსა და საარჩევნო პროგრამებს გადავხედეთ, შედეგი კი ასეთია:
სალომე ზურაბიშვილი
მმართველი პარტიის მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ საპროგრამო პოსტულატებში თვითმმართველობას მხოლოდ სამი წინადადება ეხება. წერია, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება ქვეყნის გაძლიერების საფუძველია. აუცილებელია ახალი პოტენციალის დანახვა, ადგილობრივი მოსახლეობისთვის პერსპექტივის გაჩენა ადგილებზე”. თუმცა, რას აპირებს ზურაბიშვილი იმისათვის, რომ გაიზარდოს თვითმმართველობის პოტენციალი, მოსახლეობას კი ახალი პერსპექტივები გაუჩნდეს, ამაზე მას არც საარჩევნო პროგრამაში უწერია რამე და არც ორთვიანი კამპანიის განმავლობაში უსაუბრია. ის მხოლოდ ზოგადად ამბობს, რომ იქნება “რეგიონების პრეზიდენტი, მათი წარმომადგენელი ხელისუფლებაში”, მათ ინტერესებს გაიტანს საზღვარგარეთ და ხელს შეუწყობს ახალი კავშირების დამყარებაში.
აღსანიშნავია, რომ ზურაბიშვილი ერთ-ერთი ის დეპუტატი იყო, რომელმაც ხელისუფლებას 7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების გადაწყვეტილება დაუწუნა. ზურაბიშვილი მაშინ ამბობდა, რომ ხელისუფლებამ, თვითმმართველი ქალაქების გაუქმებით, უარი თქვა 2014 წელს დაწყებულ თვითმმართველობის სწორ რეფორმაზე. მისი თქმით, ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება ქვეყანას ევროპულ თვითმმართველობასა და დემოკრატიასთან ვერ აახლოებდა.
რა პოზიციები ექნება მომავალში ზურაბიშვილს, თუ ხელისუფლება ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის დამაზიანებელ გადაწყვეტილებას მომავალშიც მიიღებს, ამაზე საუბარი დღეს, ცხადია, რთულია. საარჩევნო კამპანია ისე დასრულდა, რომ მას ქვეყნის განვითარების ამ უმნიშვნელოვანეს კომპონენტზე – ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებაზე არაფერი უთქვამს.
დავით ბაქრაძე
“ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეც ერთ-ერთია, რომელმაც droa.ge-ს კითხვარის შევსება არ ისურვა. როგორც ბაქრაძის საარჩევნო პროგრამიდან ვიგებთ, “ქვეყნის მასშატაბით დღეს არსებული დაბალი ეკონომიკური ზრდა რეგიონებისთვის სრული კატასტროფის მომტანია. ეს ნიშნავს, რომ რეგიონების უმეტესობაში, ბოლო წლების განმავლობაში, რეგიონული ზრდა საერთოდ არ გვქონია. რეგიონების გამოცოცხლება მეტი თვითმმართველობით და მეტი ადგილობრივი ინიციატივითაა შესაძლებელი. რეგიონებში მოქალაქეები ცენტრიდან მომავალი ბიუროკრატიული სირთულეებით არ უნდა იყვნენ შეზღუდულნი. რეგიონებს საკუთარ თავზე მეტი გადაწყვეტილების მიღების უფლება უნდა ჰქონდეთ”.
მოდით, ვნახოთ, როგორ აპირებს ბაქრაძე ამ პრობლემის მოგვარებას:
როგორც საარჩევნო პროგრამაში ვკითხულობთ, ბაქრაძე მთავრობას აიძულებს, გამოყოს თანხები ქვეყანაში დამატებითი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შემოსაყვანად და რეგიონებში სამართლიანად გასანაწილებლად; საბიუჯეტო პრიორიტეტად აქცევს ირიგაციის თემას იმისათვის, რომ მოსახლეობას სარწყავი წყლის პრობლემა მოუგვარდეს. ის, ასევე, პირობას დებს, რომ საპარლამენტო გუნდთან ერთად, აღადგენს სოფლის მხარდაჭერის პროგრამას. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მისთვის, ევროკავშირის ფონდების და სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების თანხების მოზიდვით, სოფლებში ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებებლი და საკონსერვო წარმოების აღდგენა და სოფლად სამუშაო ადგილების შექმნა იქნება. ის, ასევე, იმუშავებს უცხოეთში ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაციაზე, მასზე მოთხოვნის გასაზრდელად, ახალი საერთაშორისო ბაზრების გასახსნელად და უკეთ ასათვისებლად.
ბაქრაძის მიერ გამოკვეთილი პრობლემა – რეგიონების დაბალი ეკონომიკური ზრდა და ადგილებზე გადაწყვეტილების მიღებაში ცენტრალური ხელისუფლების ჩარევა პრეზიდენტის, მთავრობის, ან პარლამენტის მიერ დონორთა თანხების მოძიებით, ხილის გადამამუშავებელი საწარმოების გახსნითა თუ საირიგაციო პროექტების განხორციელებით რომ არ წყდება, გამოცდილმა პოლიტიკოსმა, წესით, უნდა იცოდეს. უმთავრესი, რაც ბაქრაძის მიერ დასმულ პრობლემებს მოაგვარებს, სწორად წარმართული დეცენტრალიზაციის პროცესი და ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებაა, თუმცა, ბაქრაძემაც საარჩევნო კამპანია ისე დაასრულა, რომ ამ საკითხზე არასდროს უსაუბრია.
სხვათა შორის, ბაქრაძე იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, რომელმაც, ხელისუფლებაში ყოფნისას, მმართველობა სრულად ცენტრალიზებული გახადა. “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას, რომელსაც მაშინ ბაქრაძეც წაროადგენდა, თვითმმართველობები, ფინანსურად, ქონებრივად და უფლებრივად, სრულად ცენტრზე დამოკიდებული გახადნენ. თუ 2008 წლამდე ადგილობრივ თვითმმართველობებს მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის 100% ადგილობრივ ბიუჯეტში რჩებოდათ, მაშინდელი მმართველი პარტიის ლიდერშიპის გადაწყვეტილებით, მათ ეს შემოსავლები წაართვეს და ცენტრალურ ბიუჯეტში გადაიტანეს. უარი თქვეს სახელმწიფო ქონების მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემაზეც და მას სრულად ეკონომიკის სამინისტრო განაგებდა. შეიზღუდა თვითმმართველობის უფლებამოსილებებიც.
ამ გამოცდილების ფონზე, რას იზამს ბაქრაძე გაპრეზიდენტების შემთხვევაში?.. თუმცა, მანამდე მან ჯერ გამარჯვებისთვის უნდა იბრძოლოს.
შალვა ნათელაშვილი
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილიც ერთ-ერთია, რომელმაც droa.ge-ს კითხვებზე პასუხი არ გასცა. მის საარჩევნო პროგრამაში კი ადგილობრივ თვითმმართველობაზე მხოლოდ ასეთ ჩანაწერს ვკითხულობთ: “ადგილობრივ თვითმმართველობებში, საკრებულოებში უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა და მხოლოდ პარტიული სიებით უნდა ტარდებოდეს არჩევნები”.
როგორც ჩანს, ნათელაშვილისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემები მხოლოდ და მხოლოდ საკრებულოებში მყოფ მაჟორიტარებს უკავშირდება, სხვა პრობლემა კი თვითმმართველობებს, უბრალოდ, არ აქვთ.
დავით უსუფაშვილი
პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა, რომელსაც ამ არჩევნებზე მხარს “შენების მოძრაობა”, “თავისუფალი დემოკრატები” და “ეროვნული ფორუმი” უჭერენ, droa.ge-ს კითხვებს ვრცლად უპასუხა. უსუფაშვილი ფიქრობს, რომ უნდა არსებობდეს მმართველობის სამდონიანი სისტემა, უნდა გადაიხედოს მუნიციპალიტეტების დაყოფის საბჭოური მოდელი, მოხდეს უფლებამოსილებების, ფინანსებისა და ქონების სრული დეცენტრალიზაცია და სამივე დონის ხელისუფლებამ საკუთარი კომპეტენციის შესაბამისად აკეთოს საქმე.
პრეზიდენტობის ეს კანდიდატი მიიჩნევს, რომ უნდა გაიზარდოს მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსავლები, კერძოდ, ადგილობრივ ბიუჯეტში უნდა რჩებოდეს საშემოსვალო გადასახადის ნაწილი; უნდა გადაიხედოს გათანაბრებითი პოლიტიკა, შეიცვალოს გათანაბრებითი ტრანსფერის ფორმულა, რაც ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის არსებულ უთანაბრობას აღმოფხვრის. უსუფაშვილი, ასევე, ფიქრობს, რომ უნდა შემუშავდეს დელეგირებული უფლებამოსილებების ფინანსური უზრუნველყოფის სტანდარტები, ხოლო საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გასაწევი ხარჯები მუნიციპალიტეტებმა დამოუკიდებლად უნდა განკარგონ.
რაც შეეხება ქონებას, უსუფაშვილის აზრით, უნდა მოხდეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული და, ასევე, დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო მიწის გადაცემა მუნიციპალიტეტებისათვის (გარდა მცირე გამონაკლისისა ინტერმუნიციპალური და სახელმწიფო მნიშვნელობის მიწის ნაკვეთების სახით); მუნიციპალიტეტებს, ასევე, უნდა გადაეცეთ არასასოფლო-სამურნეო მიწა და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საშუალო და მცირე ქონების ობიექტების საწარმოო წილები, მათ შორის, წყალმომარაგებისა და მყარი ნარჩენების კომპანიის ტიპის საწარმოების.
გრიგოლ ვაშაძე
“ნაციონალური მოძრაობის”პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გვპირდება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გასაძლიერებლად პრომოუტერის როლს მოირგებს და მთელი ქვეყნის მასშტაბით აგიტაციას გასწევს იმისათვის, რომ ქვეყნის სახელმწიფო მართვის პოლიტიკა გადაიხედოს.
ვაშაძე გვპირდება, რომ იმუშავებს პოლიტიკურ ძალებთან, რათა დაარწმუნოს, რომ დეცენტრალიზაცია მნიშვნელოვანია და ძალაუფლება ცენტრიდან ადგილებზე უნდა გადავიდეს. დეცენტრალიზაციის მთავარი არსი კი მისთვის ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის მეტი უფლებამოსილების მინიჭება, ადგილზე მეტი გადასახადის დატოვება და ქონების გადაცემაა. მიიჩნევს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციების დიდი ნაწილი უნდა ჩამოერთვას და ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცეთ.
ვაშაძეც, ისევე, როგორც ბაქრაძე, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენელია, ხელისუფლების, რომელმაც, თავის დროზე, დეცენტრალიზაციას ცენტრალიზებული მმართველობა არჩია და ამით ეცადა ქვეყანაში სრული პოლიტიკურ-ეკონომიკური კონტროლი დაემყარებინა.
კახა კუკავა
“თავისუფალი საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის გაძლიერების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი კომპეტენციების გამიჯვნაა. თვლის, რომ ფისკალური დეცენტრალიზაცია ნომერ პირველი პრიორიტეტია, თუმცა, კონკრეტულად, როგორ უნდა განხორციელდეს, ამაზე კუკავა არ საუბრობს.
მისი აზრით, თვითმმართველობებს აუცილებლად უნდა გადაეცეთ ქონება, უნდა მოხდეს კულტურის დეცენტრალიზაციაც, ხოლო განათლებისა და გარემოს დაცვის სფეროები ცენტრალური ხელისუფლების მართვაში უნდა დარჩეს.
კუკავა უფრო შორსაც მიდის და ამბობს, რომ თვითმმართველობებს უნდა გადაეცეთ საზოგადოებრივი წესრიგისა და ზოგიერთი კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ფუნქციაც. ამისათვის კი შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირებისა და მისი ფუნქციების ნაწილის თვითმმართველობებზე გადაცემის მომხრეა.
ზურაბ ჯაფარიძე
“გირჩის” პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ დღეს ადგილობრივი ხარჯები სრულად კონტროლდება ცენტრალური ხელისუფლების მიერ; ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში დეცენტრალიზებული მმართველობა არსებობდეს; ქონებრივ და ფისკალურ ნაწილში თვითმმართველობის დამოუკიდებლობა კი ქვაკუთხედია რეალური, ეფექტიანი დეცენტრალიზებული თვითმმართველობის შესაქმნელად. თუმცა, კონკრეტულად, როგორ უნდა განხორციელდეს ქვეყანაში ფისკალური თუ ქონებრივი დეცენტრალიზაცია, ამაზე ჯაფარიძე არ პასუხობს.
“გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატისთვის მოსახლეობის ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში, მათ შორის, მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვაში, პირობითი ცნებაა. მიიჩნევს, რომ ბიუჯეტი უნდა შედგეს სწორად და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მის შექმნაში ჩართული.