სამინისტროს ბიუჯეტის ზედმეტად ოპტიმისტური და არასწორი დაგეგმვა; საპროექტო და სამშენებლო კომპანიების მიზეზით გამოწვეული სამუშაოების შესრულების დაგვიანება; განსახლებისა და მოსახლეობის მიერ შექმნილი პრობლემები, – ეს მიზეზები დაასახელა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილემ და გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ, თუ რატომ ვერ აითვისა უწყებამ 9 თვეში ასათვისებელი თანხა.
ქარსელაძემ ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტებები ტელეკომპანია “პირველის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე სამინისტროს 80% -იანი ათვისება აქვს.
“საგზაო დეპარტამენტის ჭრილში 650 მილიონი უნდა შესრულებულიყო და შესრულებულია 503 მილიონი, ანუ დანაკლისია 150 მილიონი ლარი, აქედან უმეტესი წილი მაგისტრალური გზების მშენებლობაზე მოდის. მაგალითად, ყველასთვის ცნობილია, რომ პრობლემურია სამტრედია-გრიგოლეთის გზის პროექტი – გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით რამდენიმე წელია, შექმნილია სირთულეები, მოგეხსენებათ, უკრაინულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვეტილია და ამ პროექტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. ამ მონაკვეთზე დარჩენილი სამუშაოების განხორციელების შესყიდვის მიზნით, გამოცხადდა ტენდერი და გამარჯვებულ კომპანიას 1-ელ ნოემბრამდე აქვს გარანტიის წარმოდგენის ვადა. ამის შემდეგ კი, ხელშეკრულების გაფორმება.
მეორე და მეოთხე მონაკვეთზე, რომელზეც სამუშაოებს ჩინური კომპანიები „სინოჰიდრო“ და „ჩაინა რეილვეი 23“ ახორციელებენ, წარმოქმნილი ჯდენების შესახებაც ყველასთვის ცნობილია, რამაც მნიშვნელოვნად შეაფერხა გზის საფარის მოწყობა. „სინოჰიდროს“ შემთხვევაში, სამუშაოები, სადაც ეს ტექნიკურად შესაძლებელია, გრძელდება და კონტრაქტორს უკვე ეკისრება სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო „ჩაინა რეილვეი 23“-ის შემთხვევაში, სამუშაოები ასევე გრძელდება, იქ სადაც ტექნიკური შესაძლებლობა არსებობს და ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც 2018 წლის დეკემბრის ბოლომდეა, ასევე, დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ამ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს გარემოება, რომ აღნიშნულ მონაკვეთებზე, მიუხედავად არსებული ჯდენებისა, 2018 წელს ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 100 მილიონი ლარის ათვისება, რაც დამეთანხმებით, ზედმეტად ოპტიმისტური მიდგომაა.
რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის მესამე მონაკვეთს, იტალიურმა კომპანია „ტოდინმა“, 1 წლის განმავლობაში არ დაიწყო სამუშაოები, რის გამოც დაწყებულია ხელშეკრულებით განსაზღვრული ღონისძიებები ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის ჩათვლით. მესამე მონაკვეთის განსახორციელებლად გათვალისწინებული იყო 30 მილიონი ლარი.
ჯამში, სამტრედია-გრიგოლეთის გზის ოთხივე მონაკვეთზე 2018 წელს დაგეგმილი 145 მილიონი ლარის სამუშაოს შესრულებიდან, 9 თვეში შესრულდა 40 მილიონ ლარის სამუშაოები, ხოლო 2018 წლის სავარაუდო შესრულება სულ იქნება დაახლოებით 50 მილიონი ლარი“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
როგორც ირაკლი ქარსელაძე განმარტავს, ჩამორჩენებია ასევე, ზემო ოსიაური- ჩუმათელეთის მონაკვეთზე და ე.წ. მთის გზების პროგრამაში, რაც თავიდანვე არასწორადაა დაგეგმილი. საერთო ჯამში, მსგავსი სახის დიდი პროექტების ზედმეტად ოპტიმისტურად და არასწორად დაგეგმვამ გამოიწვია ეს აუთვისებელი 155 მილიონი ლარი.
„ისეთი პროექტებია შეტანილი ბიუჯეტში, სადაც დონორი არ იყო ცნობილი და ბიუჯეტში ამის ჩადება სწორი არ იყო. ანაკლიის პორტთან მისასვლელ გზაზე და რკინიგზაზეც 170 მილიონი იყო გამოყოფილი და შემდეგ მაშინვე მოხდა ხელშეკრულების გახანგრძლივება. დაახლოებით 235 მილიონი ლარი ზედმეტად ოპტიმისტურად იყო დაგეგმილი“- აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.
მისივე თქმით, ყველა პრობლემურ საკითხზე აქტიურად მუშაობენ. „355 მილიონი ლარი იყო სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი და ეს ათვისებულია, მეიტიც შესაძლოა, გადაჭარბებითაც კი შესრულდეს ამ კუთხით. ასევე, 3 დიდი ტენდერი იყო გათვალისწინებული წლის ბოლომდე და მათი წარმატებით დასრულების შემთხევაში, აქაც იქნება 100 % -იანი შესრულება და მცირე გადაჭარბებაც არის მოსალოდნელი. ჩვენ ეხლა დამოკიდებული ვართ კანონიერ და პროცედურულ მომენტებზე. არ ვაპირებთ რაიმე კომპრომისზე წასვლას – ბიუჯეტის ასათვისებლად, ტენდერები ვერ შედგება კანონდარღვევით“, -განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.