არასამთავრობო ორგანიზაცია “გერგარტი” ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ამერიკის საელჩოს ხელშეწყობით პროექტს სახელწოდებით – “სამოქალაქო აქტივიზმის ხელოვნება” (“Art of Civic Activism”) გამართავს. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, პროექტის მიზანია არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ამაღლება.
„პროექტში ჩართული ახალგაზრდები, 5-დღიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში, შეიძენენ ცოდნას სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ, შეიტყობენ თუ როგორ შეიძლება ხელოვნება იქცეს მნიშვნელოვან ინსტრუმენტად სამოქალაქო აქტივიზმის პროცესში, ამასთანავე, გაიღრმავებენ უნარ-ჩვევებს ხელოვნების სხვადასხვა დარგის მიმართულებით.
5-დღიანი სემინარების დროს მიღებული ცოდნა და უნარები, მონაწილეებს დაეხმარება განსაზღვრონ მუნიციპალიტეტში არსებული მწვავე პრობლემა, შემდგომ კი, აღნიშნულ თემაზე, 1 თვის განმავლობაში მოამზადონ ნამუშევრები ხელოვნების სხვადასხვა დარგის გამოყენებით. მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდგომ, მონაწილეები გამართავენ 2-დღიან ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ფართო საზოგადოებას წარუდგენენ ნამუშევრებს, რომელთა საშუალებითაც გამოხატავენ თავიანთ მოქალაქეობრივ პოზიციას მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხის შესახებ“, -აცხადებენ ღონისძების ორგანიზატორები.
პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 13-დან 18 წლამდე ახალგაზრდებს. მოზარდები დაინტერესების შემთხვევაში უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე https://goo.gl/c9itMW. რეგისტრაციის ვადა – 28 ოქტომბერი. პროექტში მონაწილეობის მღება უფასოა.
პროექტის „სამოქალაქო აქტივიზმის ხელოვნება“ ადგილობრივი პარტნიორია, არასამთავრობო ორგანიზაცია “ხევის მომავალი”.