ახალციხის პირველ სკოლაში სტადიონის ფართობის გასაზრდელად, პროექტის შეცვლა იგეგმება

673

წინა სტატია

ახალციხის პირველი სკოლის მასწავლებლებმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ხელმძღვანელებთან სტადიონის ფართობის გაზრდის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს. თუმცა, ამისთვის ჯერ თანხის დამატება და პროექტის შეცვლაა საჭირო. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ახალციხის პირველი სკოლის მასწავლებელი, სამეურვეო საბჭოს წევრი ბადრი კაპანაძე ამბობს, რომ მცდელობამ  შედეგი გამოიღო და სკოლის ეზოში იმ ზომის სტადიონი გაკეთდება, როგორიც ადრე იყო.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის ხელმძღვანელი ლაშა დალაქიშვილი აცხადებს, რომ მათ, როგორც განათლების სამინისტროს პროექტების განმახროციელებელ ორგანოს, არ ჰქონდა ვალდებულება სპორტული მოედნის გაკეთების, თუმცა გაითვალისწინეს, ის ფაქტი, რომ მანამდე ეზოში სტადიონი უკვე არსებობდა. მისი თქმით, არსებული პროექტის შესაცვლელად გუნდი უკვე მუშაობს.

“უნდა გავარკვიოთ მშენებელ კომპანიასთან რამდენად გვაქვს დარჩენილი ფინანსური რესურსი. სკოლიდან მოსული წერილი მიდევს 16 X 30 ფართის სტადონს ითხოვენ, ჩვენ რომელსაც ვგეგმავთ 15 X 30 ზომის იქნება. თუ ფინანსური რესურსი გვეყოფა დიდი ალბათობით გავაკეთებთ“,- აცხადებენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდში.

ბადრი კაპანაძე ამბობს, რომ12X24 ზომის სტადიონის მშენებლობა 19 500 ლარი ჯდებოდა, უფრო დიდი სტადიონის გასაკეთებლად კი დაახლოებით 10 000 ლარის დამატებაა საჭირო: “30 00 ლარის გულისთვის 20 000 ლარის გადაყრა არ იქნებოდა კარგი. თუ ამ თანხას ახლა ვერ მოძებნიან მერე მოძებნონ, ნუ დაუკარგავენ ახალგაზრდებს ამ შანსს“.

შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, არასაკმარისი ფინანსების შემთხვევაში თანხა სკოლამ დაამატოს, კაპანაძე გვპასუხობს: “ახლა სკოლას თავისი გაჭირვებია, ყოველთვიურად გათბობისთვის 17 000 ლარი გვაქვს გადასახდელი, მაგრამ თუ საჭირო გახდება შეიძლება სხვა წყაროებიდან ვიშოვოთ, ან ბიზნესმენი მოგვეძებნა ვინმე, ან მერიისთვის მიგვემართა. იმაზეც კი თანახმა ვიყავით გაჩერებულიყო პროექტი და როცა გაკეთდებოდა ისეთი გაკეთებულიყო, როგორიც ჩვენ გვინდოდა. არ არის ეს ისეთი თანხა, რომლის შოვნაც სახელმწიფოს გაუჭირდება“.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელების მოთხოვნით პირველი სკოლის ეზოში სპორტული მოედნის მშენებლობა დაახლოებით ერთი კვირის წინ შეჩერდა.