თბილისის მერმა კახა კალაძემ “მწვანე ეკონომიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ყველა უბანში პარკირების განსხვავებული ტარიფი იქნება. მისი თქმით, ზონალური საათობრივი პარკირების სისტემა 2019 წლიდან რამდენიმე ცენტრალურ უბანში ამოქმედდება.
“ესეც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა. აქ ჩვენ რაღაც განსაკუთრებულს და ახალს არაფერს ვიგონებთ. უბრალოდ, საუკეთესო პრაქტიკა გადმოგვაქვს ევროპული ქვეყნებიდან, სადაც ამ ტიპის პროექტები არის განხორციელებული. თქვენ იცით, რომ როდესაც ჩვენ ოფიციალურად მოგვეცა უფლებამოსილების განხორციელების საშუალება, “სითი პარკთან“, რომელიც არღვევდა არსებულ ხელშეკრულებას და წინააღმდეგობაში მოდიოდა ყველაფერთან, ხელშეკრულება შევწყვიტეთ. დღეს თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს პარკირების მოწესრიგებას ქალაქის მასშტაბით. მომავალი წლიდან უკვე შემოგვაქვს ზონალური პარკირების სისტემა. ყველა რაიონში, ყველა უბანში იქნება განსხვავებული ტარიფები და მგონია, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა იმისთვის, რომ პარკირების სისტემა და ზოგადად პარკინგი იყოს მოწესრიგებული“, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცნობილია ქუჩები, სადაც პარკირების საათობრივი გადასახადი დაწესდება. ამასთან, პარკირების საათობრივი საფასური, შესაძლოა, 20 თეთრიდან დაიწყოს.