პარკირების საათობრივი გადასახადი პირველ ეტაპზე თბილისის ორ რაიონში – ძველ თბილისსა და საბურთალოზე დაწესდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებით, ძველ თბილისში საათობრივი პარკირება საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, მოიცავს ყველა ახლომდებარე ქუჩას ზაარბრიუკენის მოედნამდე და ამაღლების ქუჩამდე. რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, საათობრივი პარკირება დაწესდება შარტავას, კოსტავას, პეკინის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებზე.
“პარკირების ნაწილში ჩვენი მიზანია, რომ ქუჩები გამტარიანი გავხადოთ. რატომ ეს ორი რაიონი? – ძველი თბილისი ტურისტულად მიმზიდველია, ხოლო ვაკე-საბურთალო ძირითადად საოფისე ადგილებია.
კომპანია “სისტრასთვის“ მიცემული გვაქვს დავალება, რომ ამ ორ რაიონში გავაძლიეროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები დავამატოთ და მოსახლეობას ვუთხრათ, რომ კერძო ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადმოჯდნენ – თუ შენ ამას მაინც არ აკეთებ, მაშინ ვიყენებ საათობრივ, ზონალურ პარკირებას“, – განაცხადა მუმლაძემ.
ასევე, შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე სპეციალური შუქნიშნები დამონტაჟდება, რომლებიც ჯერ ავტობუსს გაატარებს და შემდეგ კერძო ავტომობილს.