არასამთავრობო ორგანიზაცია “პირველი ნაბიჯი” ახალციხეში 0-5 წლამდე განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვებთან და მათ ოჯახებთან უფასო კონსულტაციებს გამართავს. მსურველებმა რეგისტრაცია 26 ოქტომბრამდე უნდა გაიარონ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
“პირველი ნაბიჯის” კონსულტაციის, ინტერვენციის და თერაპიის ცენტრის გამოცდილი სპეციალისტები იმ ბავშვებს გასინჯავენ, ვისაც სამედიცინო, ქცევითი, ემოციური, მეტყველების განვითარებასთან დაკავშირებული ჩივილები აქვთ, ან ბავშვს უჭირს ასაკის შესაბამისად ყოცელდღიურ აქტივობებში ჩართვა / თანატოლებთან ურთიერთობის დამყარება.
პედიატრი, ფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი და ოკუპაციური თერაპევტი გაარკვევს, სჭირდება თუ არა ბავშვს სპეციალისტის დახმარება განვითარების ხელშეწყობისთვის.
უფასო შეფასების ბოლოს, საჭიროების შემთხვევაში მშობელი მიიღებს მზა წერილობით რეკომენდაციებს ბავშვთან დაკავშირებით მეტყველების სტიმულირების, ქცევის მართვის, კვებისა და ტუალეტის უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად, ემოციური სფეროს გასავითარებლად და სხვა, ასევე ადრეული განვითარების პროგრამაში ჩართულობის საჭიროების შემთხვევაში მშობელი დაკვალიანდება, როგორ ჩაერთოს ადგილობრივ უფასო სახელმწიფო პროგრამაში”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში.
უფასო სკრინინგ აქცია შაბათს 27 ოქტომბერს ახალციხეში, რუსთაველის ქ. N106-ში (სამცხე – ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი), ხოლო, 28 ოქტომბერს, კვირას, ახალციხეში, კლდიაშვილის ქ. N25-ის მიმდებარედ ჩატარდება.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ადგილები შეზღუდულია და რეგისტრაცია ხდება წინასწარი ჩაწერით. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 26 ოქტომბრამდე,
ჩაწერისთვის ყოველ დღე 10 დან 18 საათამდე (კვირის გარდა) თამარ ნოზაძეს – 568 480 015 ან ანა ურიდიას – 579 040 119 დაუკავშირდით.