გორის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას ღობეს გაუკეთებენ, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 9 ათასი ლარი გამოიყო. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
პროექტი თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მერია, სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულის 90%-ს ფარავს.
ევანგელურ-პროტესტანტულ ეკლესიას, ცხინვალის გზატკეცილზე, შენობა 2015 წელს გადასცეს. აღნიშნული შენობა მანამდე სადავო ქონებას წარმოადგენდა.
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტულმა ეკლესიამ 2012 წლის 19 აპრილს გაიარა რეგისტრაცია, მოიპოვა (სსიპ) სტატუსი და დღეისათვის არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი: “საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია”.
საქართველოს ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესია მოიცავს საქმიანობის ფართო სპექტრს, რომლებიც დაკავშირებულია ერთმანეთთან საერთო საქმეზე პასუხისმგებლობით, ეკლესიაში სტრუქტურულ მოწყობას და საქმიანობის მმართველობას ახორციელებს ეკლესიის სულიერი საბჭო, პასტორები და ასევე კონკრეტული საქმიანობის სფეროს ხელმძღვანელები – “ლიდერები”, საეკლესიო იერარქიაში უმაღლეს იერარქს წარმოადგენს “ეკლესიის მწყემსი” უფროსი პასტორი.