2019 წლიდან თბილისში ზონალური და საათობრივი პარკინგის სისტემა ამუშავდება

1043

ვიცემერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, 2019 წლის პირველი ნახევრიდან თბილისში ზონალური და საათობრივი პარკინგის სისტემა შემოვა, რომელიც თავდაპირველად ცენტრალურ უბნებში დაწესდება.  ამის შესახებ მან დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციაზე თქვა.

ირაკლი ხმალაძის თქმით, ასეთ ზონებში პარკირების გადასახადისგან ელექტრომობილები სრულად გათავისუფლდებიან, სისტემიდან შესული თანხა კი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას მოხმარდება.

“ეს სისტემა ემსახურება იმას, რომ იმ ადგილებში, სადაც კრიტიკულად მაღალია მოთხოვნა საპარკინგე ადგილებზე, ადგილები კი არ არის, შემცირდეს მოთხოვნა და ამის შედეგად გაიზარდოს მოთხოვნა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე. ანუ ჩვენ მოქალაქეებს გავუჩინოთ კიდევ ერთი დამატებითი სტიმული ნაცვლად იმისა, რომ იწვალონ საპარკინგე ადგილების მოსაძებნად, იმგზავრონ კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტით”, – განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან ერთად, საზოგადოებას ახლადშემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკა წარუდგინა. მერიის ცნობით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა და ჰაერის დაბინძურების შემცირებაა.