ქუთაისში ნიკეასა და თაბუკაშილის ქუჩებზე სტიქიური ნაგავსაყრელების კერა გაჩნდა. დანაგვიანებული ტერიტორიები იმდენად სწრაფად იზრდება, რომ შესაძლოა კორპუსებამდეც მიაღწიოს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
გარემოს დაბინძურების ფაქტებზე რეაგირებას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახდენს. როგორ რეაგირებს უწყება კონკრეტულ შეტყობინებაზე ქუთაისიპოსტმა ექპერიმენტი ჩაატარა.
14:10 წუთი: ნიკეას ქუჩაზე, სტიქიური ნაგავსაყრელის ერთ-ერთ ადგილიდან, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე 153 დავრეკეთ. ოპერატორმა მონაცემები ჩაიწერა და შესაბამისი უწყებისთვის მიწოდებას დაგვპირდა.
14:20 წუთი: ქუთაისიპოსტის ჟურნალისტებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იმერეთის ცენტალური ფილიალის წარმომადგენელი დაგვიკავშირდა. მან ჩვენი ადგილსამყოფელი დააზუსტა და გვითხრა, რომ რამდენიმე წუთში ადგილზე თავადაც მოვიდოდა.
14:45 წუთი: უწყების წარმომადგენლები, ნიკეას ქუჩაზე არსებულ ერთ-ერთ მონაკვეთზე, სადაც ყველაზე მასშტაბური დანაგვიანებაა, ორი ავტომობილით გამოცხადდნენ. მათ შორის ფილიალის ხელმძღვანელი, თინათინ ჩაკვეტაძეც იყო.
მან თანამშრომლებთან ერთად, ნაგავსაყრელის კერა დაათვალიერა და აღნიშნა, რომ ეს ტერიტორია რამდენიმე თვის წინ დაასუფთავეს, თუმცა ფაქტია, სამშენებლო ნარჩენი ამ ადგილებზე ისევ იყრება.
თინათინ ჩაკვეტაძის ინფორმაციით, უწყებას დამრღვევის გამოვლენის შესაძლებლობა მხოლოდ ცხელ ხაზზე შემოსული ზარის შემდეგ აქვს.
“კონკრეტულ ადგილებში, სადაც სტიქიურად ხდება ნაგავსაყრელების ახალი კერების გაჩენა, ვიდეოკამერების ან ფოტოხაფანგების დამონტაჟება დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, თუმცა ამ საკითხს ჩვენ მაინც ვერ ვწყვეტთ,” – აღნიშნა თინათინ ჩაკვეტაძემ.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იმერეთის ცენტალური ფილიალის წარმომადგენლებმა დანაგვიანებული ტერიტორიის ზუსტი კოორდინატები ჩაინიშნეს. მათი თქმით, მონაცემები ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურს გადაეცემა, ტერიტორიის შემდგომში დასუფთავების მიზნით.