გენდერული თანასწორობის, ოჯახში ძალადობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე დისკუსია სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტსა და “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“, სტუდენტების და მესამე სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
უნივერსიტეტსა და “ჩართულობის ცენტრში“ ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრმა ნინო წილოსანმა ქვეყნის ისტორიაში ქალის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა.
სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გიორგი კაპანაძემ კი ადგილობრივებთან შრომით სამართალში თანასწორუფლებიანობის საკითხები მიმოიხილა.
“ასევე, საზოგადოებას გავაცანი ჩვენი აპარატის რეკომენდაციები, ეს ძირითადად ეხებოდა ე.წ. ბინძურ მარკეტინგს, სადაც კომპანიები ადამიანის უფლებების გვერდის ავლით ცდილობენ პროდუქტის გაყიდვას“, – განაცხადა კაპანაძემ.
ხოლო, სტუდენტებმა გენდერული უთანასწორობის საკითხებზე დისკუსიაში საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს.
ღონისძიებები ხორციელდება პროექტის “ადამიანის უფლებების საკითხებზე ინფორმაციის გაცვლის პროცესის გაუმჯობესება ცენტრსა და რეგიონებს შორის“ ფარგლებში “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მიერ “აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ პროექტის “კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფინანსური მხარდაჭერით.