ბენიძე: ჩვენი გვაქვს ფაქტები, რომ ცალკეული პირები ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიებს და ხელმოწერებს აგროვებენ

863

წინა სტატია

“სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის განცხადებით, აქვთ კონკრეტული ფაქტები, რომ ცალკეული პირები ა(ა)იპ-ების თანამშრომლების სიებს და ხელმოწერებს აგროვებენ, რასაც თავად ეს პირები ადასტურებენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

როგორც მიხეილ ბენიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მსგავსი შემთხვევები მათმა დამკვირვებლებმა სამეგრელოს რეგიონში დააფიქსირეს, საია-მ კი სხვა რეგიონებში, მათ შორის კახეთში.

“ჩვენი დამკვირვებლები თავად შეესწრნენ სამეგრელოში, ერთ-ერთ ა(ა)იპ-იში ფაქტს, როცა ხდებოდა მსგავსი სიების და ხელმოწერების შეგროვება და შეტანა უფლებამოსილ პირთან. მათ შორის ა(ა)იპ-ის თანამშრომლებმა დაუდასტურეს ჩვენს დამკვირვებლებს ამ ფაქტის შესახებ და უთხრეს, რომ ეს დავალება აქვთ ხელსუფლების წარმომადგენლების მხრიდან მიღებული. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ასეთი დავალებები გასული ხელისუფლებების დროსაც იყო ხოლმე და სამწუხაროა, რომ ამ მანკიერ პრაქტიკას ვერ მოეშვა ვერც ერთი ხელისუფლება.

ასევე ჩვენ გვაქვს ფოტომასალა და კონკრეტული მტკიცებულებები, უბრალოდ ამ ადამიანებს ეშინიათ მათი ვინაობის გამჟღავნება, რომ არ დაკარგონ სამსახურები, ამიტომ ჩვენ საჯაროდ ამ ფოტოებს არ ვასაჯაროებთ, თუმცა შესაბამისი უწყებების დაინტერესების შემთხვევაში, ბუნებრივია, შეგვეძლება კონკრეტულ ფაქტებზე ვისაუბროთ.

თავის მხრივ, საია-ს აქვს ინფორმაცია, რომ ასეთი ფაქტები სხვა რეგიონებშიც ხდება, მათ შორის კახეთშიც. ასე რომ, როგორც ჩანს, ასეთ ფაქტებს გარკვეული ტენდენციის სახე აქვს“, – განაცხადა მიხეილ ბენიძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერების მობილიზებას ავალებდნენ.