სიღნაღის მერი: შეიძლება თქვენთვის სიმახინჯეა ეგ მიშენება, ჩემთვის არა

2018

წინა სტატია

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის დავალებით, ისტორიული გალავანი ერთ-ერთ შესასვლელ თაღთან, ათობით კვადრატულ მეტრზე ბეტონით შელესეს და ყვითლად შეღებეს. გალავანს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სიღნაღის მერმა გიორგი გოგილაშვილმა “რეგინფოსთან“ საუბარში განმარტა, რომ გალავნის დამახინჯება არ მომხდარა.

“დღესაც ვნახე ეგ მშენებლობა. ეგ არის მიშენება, ტურისტულ ბილიკზე ასასვლელი. ადრეც ასე იყო, ახლა განახლება მოხდა და შევალამაზეთ. რა, ქვებით ხომ არა ავაშენებდი? შეიძლება თქვენთვის არის სიმახინჯე, მაგრამ ჩემთვის არ არის“, – აღნიშნა სიღნაღის მერმა.

მისივე თქმით, კომპანიას აღნიშნული სამუშაოების ჩატარება მერიამ დაუკვეთა. მერიის დავალებითვე მომზადდა პროექტი, რომლის მიხედვითაც ისტორიული გალავანი დაამახინჯეს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ძეგლზე სამუშაოები უნებართვოდ შესრულდა და პროექტი მათთან შეთანხმებული არ ყოგფილა.

“სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტები სიღნაღში უკვე გაემგზავრნენ, საკითხს ადგილზე შეისწავლიან. გალავანზე ყოველგვარი მიშენება ან დამახინჯება დაუშვებელია. მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ შედგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რაც 15 ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითვალისწინებს. ამასთან, საქმე შესაძლოა პროკურატურასაც გაეგზავნოს“, – განაცხადა სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ბარამიძემ.