ახალციხეში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავლესობა ქალაქის დეპუტატების გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას მიესალმებიან ან პოზიციის დაპიქსირებისგან თავს იკავებენ.
ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი ერთ–ერთი პირველი იყო ახალციხეში მოქმედ არასამთავრობობს შორის, რომელიც ქალაქის დეპუტატების გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში გამოემხაურა და მომხდარი „დეცენტრალიზაციის დასამარებად“ შეაფასა.
იგი „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარშიც აცხადებს, რომ დეპუტატების გადაწყვეტილება მისთვის მიუღებელია, თუმცა ფიქრობს, რომ ამ დეპუტატების ხალხის მტრად გამოცხადება არ შეიძლება.
„ყველა ახალციხელია, მეგობრები არიან. ვესაუბრე მათ და ამტკიცებენ, რომ შეერთება მუნიციპალიტეტისთვის ცუდი არ იქნება. აქედან გამომდინარე შეიძლება ვიფიქროთ, რომ მათ ამის მართლა სჯერათ, მაგრამ გაგვაცნონ ჩვენც ის დასაბუთება, რომლის მიხედვითაც ქალაქს შეერთებით უფრო განავითარებენ, ვიდრე გაყოფით, იქნებ ტაშს ვუკრავთ“, – ამბობს ცირა მესხიშვილი და ამატებს, რომ შესაძლოა დეპუტატებს იმის რასაც მხარი დაუჭირეს სულაც არ სჯერათ.
მისი ვარაუდით, შესაძლოა ეს ზემოთ დაწერილი ტექსტი იყო, რომელიც ყველა მუნიციპალიტეტში და მათ შორის ახალციხეშიც უმრავლესობას უნდა მიეღო.
მესხიშვილს ეთანხმება „ახალციხის სასოფლო–საკონსულტაციო სამსახურის“ დირექტორი გურამ ჯინჭველაძე. ამის შემდეგ დეცენტრალიზაცია რომ მხოლოდ ფარატინა ფურცელზე დაწერილ სტიტყვად დარჩა, მას ამაში ეჭვი აღარ ეპარება: „ფაქტია რომ ზემოდან მიღებული დავალება შეასრულეს. სხდომაზე მათ იმ ხალხის პოზიცია კი არ დააფიქსირეს, ვინც მათ არჩევნებზე ხმა მისცა, არამედ ის გააკეთეს რაც უბრძანეს. ბევრჯერ მითქვამს, რომ ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ. ხალხის აზრს არც წინა მთავრობა ითვალისწინებდა და არც ეს“.
ანალოგიურია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ დირექტორის გიორგი ანდღულაძის პოზიციაც: „ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ უმრავლესობის დეპუტატები თემისა და ქალაქის გაერთინებაში მუნიციპალიტეტის უკეთეს განვითარებას ხედავენ. იმიტომ რომ ზემოდან მითითებული დავალების შესრულება ცოტა შეურაცხმყოფელი მგონია“.
ანდღულაძე ფიქრობს, რომ საკრებულოების ეს გადაწყვეტილება მთავრობას თვითმმართველი ქალაქების სტატუსის გაუქმების პროცესში თავის მართლებისთვის სჭრიდება: „იტყვიან, რომ თვითმმართველმა ქალაქებმა თავად თქვეს უარი. ქალაქის საკრებულომ კიდევ აღიარა, რომ ვერ იმუშავეს, ამიტომ ახლა ურჩევნიათ მოიხსნან პასუხისმგებლობა და თემს მიუერთდნენ“.
რა გახდა დეპუტატების მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიზეზი „სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრის“ დირექტორის ნინო რუხაძისთვის უცნობია: „რის გამოც არ უნდა დაეჭირათ მხარი ქალაქის სტატუსის გაუქმებისთვის, ეს ჩემთვის მიუღებელია. არ მომწონს ეს გადაწყვეტიელბა. რატომ გაყეს თუ ისევ უნდა შეერთებინათ?!“
იგივე კითხვას სხვამს „ახალგაზრდობა ჯავახეთის განვითარებისთვის“ წარმომადგენელი თინა აკოფიანიც: „ჯერ შეაერთეს, ახლა ყოფენ, ვის აწყობს ეს თამაში?! არ მგონია, რომ დეპუტატებს ეს გადაწყვეტილება საკუთარი სურვილით მიეღოთ. ზემოთ უნდოდათ ალბათ ასე. ამის მიზეზი კი შეიძლება ის იყო, რომ ამ თივითმმართველომა ქალაქებმა შეიძლება ვერ გაამართლეს და ის რაც უნდა გაეკეთებინათ ვერ გააკეთეს“.
რაც არ უნდა ყოფილიყო სამი წლის წინ მუნიციპალიტეტების გაყოფის მიზეზი, ახლა კი შეერთების საფუძველი, „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ წარმომადგენელი მზია ინასარიძე ფიქრობს, რომ ვიდრე ამას მხარს დაუჭირდნენ ჯერ კარგად უნდა დაფიქრებულიყვნენ: „ასევე ვისი დავალებაც არ უნდა ყოფილიყო, ჯერ უნდა ემსჯელათ, ეფიქრათ და ერთხმად ამის მერე დათანხმებულიყვნენ“.
განსხვავებული პოზიცია აქვს „სამცხე–ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ ხელმძღვანელს მარინა მოდებაძის, მას მიაჩნია, რომ საკრებულოს უმრავლესობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რადგან თემისა და ქალაქის გაყოფა თავიდანვე არასწორი იყო.
„თვითმმართველობასთან საქმიანობის 25 წლის სტაჟი მაქვს და მივესალმები ორივე ხელით საკრებულოს ამ გადაწყვეტილებას. თავიდანვე როცა ყოფდნენ და რეფორმა მზადდებოდა, ამის წინააღმდეგი ვიყავი. დანაწევრებული მართვა არ მიმაჩნია გამართლებულად. თუ კარგი მენეჯერი იქნება არ არის ახალციხე დიდი მუნიციპალიტეტი, რომ ვერ მართოს. ეგ კი არადა, ერთი კაცის მიერ მთელი რეგიონის მართვაც შეიძლება“.
მოდებაძე მიიჩნევს, რომ თემისა და ქალაქის გაერთიანებით ორივე მუნიციპალიტეტი თანაზომიერად განვითარდება, ახლა კი გაზრდილი ააიპ–ებისა და კადრების ხარჯზე დიდი თანხა ტყუილად იკარგება.
ახალციხეში მოქმედი არასამთავრობო როგანიზაციების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, საკუთარი პოზიციას არ აფიქსირებს „საზოგადოებრივი განვითარების ახალციხის ცენტრის“ ხელმძღვანელი ნუგზარ თათეშვილი: „ჯერ კანონიც არ არის რომლის მიხედვითაც თემსა და ქალაქს აერთიანებენ. სანამ კანონს არ ვნახავ წინასწარ შეფასება, ეს კარგია თუ ცუდი, არ შემიძლია“.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ ახალციხის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, სადაც ქალაქისა და თემის გაერთიანების საკითხს განიხილავდნენ 19 მაისს გაიმართა.სხდომაზე დეპუტატების ურმავლესობამ თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას მხარი დაუჭირა. სხდომა ხმაურის ფონზე ერთ საათს მიმდინარეობდა;