გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკებში მოსახლეობის ერთი ნაწილი მდინარე მეძლებას მარჯვენა მხარეს ცხოვრობს. ამის გამო, ნალექის პერიოდში, ისინი სოფლის მეორე მხარეს ვერ გადადიან. ვითარება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში უფრო რთულდება, რადგან წვიმისა და თოვლის გამო, მისასვლელი გზაც გაუვალი ხდება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
კოშკების მოსახლეობამ აღნიშნული პრობლემა ორგანიზაცია “მომავლის ახალხიზასა” და მის თანაპარტნიორ “მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის CIPDD”-ის რეგიონულ ხელმძღვანელს მიხეილ ჩიტაძეს გააცნეს.
“სოფელში მოსაგვარებელია რამოდენიმე ინფრასტრუქტურული პრობლემა. აქედან ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად მდინარე მეძლებაზე გადასასვლელი ბოგირის მოწყობა დაასახელეს. სოფელ კოშკების ერთი უბანი განლაგებულია მდინარე მეძლებას მარჯვენა მხარეს, სადაც 18 ოჯახი ცხოვრობს. უბნისკენ მიმავალი 100 მეტრიანი საკმაოდ დახრილი გზა კვეთს მდინარეს, რომელზეც არაა გადასასვლელი. ფეხით მოსიარულეებს უხდებათ მდინარეზე გადებულ მორზე გადასვლა, ხოლო მძღოლები იძულებული არიან მდინარის ქვიან კალაპოტში გაიარონ, რაც განსაკუთრებით დიდ სირთულეს ზამთრის პერიოდში ქმნის. მდინარემდე მისასვლელი გრუნტის გზა ნიაღვრისგან იხრამება, ის ზამთრის პერიოდში იყინება. ზამთარში ფაქტობრივად ერთი უბანი მეორეს წყდება. იყო არაერთი შემთხვევა, როდესაც მოქალაქეები ჩავარდნენ მდინარეში, ხოლო მანქანები დაზიანდნენ მოცურების გამო.” – აცხადებს ,,მომავლის ახალხიზას” ხელმძღვანელი მაგული მამუკაშვილი.
პროექტის მიზანს სოფელ კოშკების, მდინარე მეძლების გადაღმა უბნის მცხოვრებთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს. ორგანიზაციის დახმარებით, კოშკებში მდინარე მეძლებაზე მოეწყობა ორი ბურჯი:
“რისთვისაც შევიძენთ შესაბამისი რაოდენობის არმატუასა და მზა ბეტონს. მოსახლეობა თავად მოაწყობს ყალიბსა და მოქსოვს არმატურას, ჩაასხავს მოტანილ ბეტონს, ასევე შევისყიდით გამზადებულ ლითონის კონსტრუქციას, რომელიც ამწის საშუალებით დამონტაჟდება ბურჯებზე, მოსახლეობა თავისი მასალით მოაწყობს მოაჯირებს და ჩვენს მიერ ნაყიდი საღებავით შეღებავს ლითონის კონსტრუქციას. შეძენილ იქნება ინერტული მასალა, რომლითაც მოეწყობა პანდუსები ბოგირზე მისასვლელად.
მოსახლეობიდან არჩეული იქნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც აქტიურად იქნება ჩართული პროექტის განხილვასა და სხვადასხვა სამუშაოების შესრულების პროცესში.” – განმარტავს მაგული მამუკაშვილი.